თელავის მერია კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციარებს თანადააფინანსებს
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს მხარი დაუჭირა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა ცვლილების პროექტში კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციართა თანადაფინანსებას, რის მიხედვითაც მოხდება მუნიციპალიტეტში კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე პირთა ფუნქციური დამოუკიდებლობა და მათი საზოგადეობაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის, გიორგი ენუქიძის განმარტებით, კოხლეარული იმპლანტი გამოცდილი და ხარჯთეფექტური მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელსაც „ხელოვნურ სმენას“ უწოდებენ.
„იმპლანტი, ისვე როგორც ნებისმიერი სხვა ციფრული ტექნოლოგია, ცვდება და 5 წლის განმავლობაში მოხმარების შემდეგ საჭიროა მისი ჩანაცვლება. გარდა ამისა, იმპლანტის მოხმარება დაკავშირებულია მუდმივ ხარჯებთან, როგორიცაა ელემენტები და სადენები, რომლებიც ხშირად ზიანდება. არსებული სახელმწიფო პროგრამებით მსგავსი ხარჯები არ იფარება, ამიტომ ბევრი ოჯახი ვერ ახერხებს ბავშვის/ახალგაზრდის სათანადო მხადაჭერას.
თელავის მუნიციპალიტეტში იდენტიფიცირებულია კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე 2 პირი, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებენ გარე პროცესორის შეცვლას. ღირებულება კონკრეტული პროცესორის შემთხვევაში შეადგენს 19 800 და 18 550 ლარს.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს შიდა იმპლანტზე მიმაგრებული გარე მეტყველების პროცესორის ღირებულების თანადაფინანსებას თითოეულ ბენეფიციარზე 10,000 ლარის ოდენობით.
შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მიზნობრივად 20 000 ლარით იზრდება“, – განაცხადა გიორგი ენუქიძემ.
ჯანდაცვის მიმართულებით ახალი ქვეპროგრამის დამატებამ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებაც გამოიწვია, რომელსაც, ასევე წარმომადგენლობითმა ორგანომ მხარი დაუჭირა.