რუხში მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფარი აშენდება

საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი – ,,აფხაზეთი” რუხში მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრ  “ჩემი მორდუს” ააშენებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი შენგელიამ და საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრ ,,აფხაზეთის” აღმასრულებელმა დირექტორმა – ნუკრი მილორავამ მოაწერეს ხელი.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ეს იქნება ცენტრი, რომელიც ხანდაზმულებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს, როგორიცაა: დღის ცენტრის მომსახურება, შინმოვლის სერვისი და სათემო 24-საათიანი მომსახურება-თავშესაფარი. ამავე სახლში მოემსახურებიან ასევე ბავშვებს მოწყვლადი ოჯახებიდან. ცენტრი ფუნქციონირებას 6 თვეში შეძლებს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი”, რუხში ნახევარ მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. დაახლოებით 6 თვეში მოეწყობა პირველი სართული, ხოლო მას შემდეგ, რაც ამბულატორიისთვის ახალი შენობა აშენდება რუხის ცენტრში, მოხდება შენობის სრული აღჭურვა.

საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთის” აღმასრულებელი დირექტორის ნუკრი მილორავას განცხადებით, ეს იქნება სივრცე, სადაც თავშესაფრისა და მზრუნველობის გარეშე დარჩენილ მოხუცებსა და ბავშვებს მოემსახურებიან და სხვადასხვა სერვისს გაუწევენ. ჯამში, ცენტრი 100 ბენეფიციარს მოემსახურება.

მერიის ინფორმაციით, ბენეფიციარების შერჩევა სპეციალურად შემუშავებული საჭიროებათა კითხვარის საფუძველზე მოხდება. დასაქმდება დაახლოებით 25 ადამიანი, რომლებსაც კონკურსის საფუძველზე შეარჩევენ.

“პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში განხორციელდება და მისი სერვისებით სარგებლობას აფაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებიც შეძლებენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები