კახა კალაძე: ჩემი მერობის პირობებში ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ რეკრეაციულ სივრცეში ან პარკის ნაცვლად მშენებლობა განგვეხორციელებინოს
“დიღმის ჭალების ტერიტორია უნდა განვითარდეს, გაქვთ ინფორმაცია, რომ ვგეგმავთ საქალაქთაშორისო პარკის მშენებლობას, რომელიც ერთ-ერთი საინტერესო, დასასვენებელი, რეკრეაციული სივრცე იქნება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მისი მერობის პირობებში რეკრეაციულ სივრცეში მშენებლობა არ განხორციელებულა.
„დიღმის ჭალების ტერიტორია უნდა განვითარდეს და მთავარია, განვითარდეს სწორად. გაქვთ ინფორმაცია, რომ ვგეგმავთ საქალაქთაშორისო პარკის მშენებლობას, რომელიც ერთ-ერთი საინტერესო, დასასვენებელი, რეკრეაციული სივრცე იქნება. უბრალოდ, ამ ვითარებიდან გამომდინარე დროებით მოგვიწია შეჩერება ამ პროექტის განხორციელების, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ გაკეთდება. აუცილებლად გაკეთდება უბრალოდ, დროში გადაიწია, რადგან სხვა პრიორიტეტები არის უფრო მნიშვნელოვანი. ჩემი მერობის პირობებში თქვენ ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ რეკრეაციულ სივრცეში ან პარკის ნაცვლად მშენებლობა განგვეხორციელებინოს“, – განაცხადა კალაძემ.