თენგიზ ცერცვაძე: საქართველომ “პლაქვენილის” გამოყენება შეაჩერა

“საქართველოში “პლაქვენილს” ძალიან დიდი წარმატებით ვიყენებდით, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ მედიკამენტზე დროებით შეეჩერებინა კვლევა, ამიტომ მისი გამოყენება ჩვენც შევაჩერეთ”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

“ჩვენ ამ პრეპარატს ვიყენებდით გასული სამი თვის მანძილზე. ვიყენებდით ძალიან დიდი წარმატებით, განსხვავებით იმ ზოგიერთი ნაშრომისგან, რომელიც დაიდო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება დროებით შეეჩერებინა კვლევა “პლაქვენილზე”. ანუ თუ ის იკვლევდა 4 მედიკამენტს, რომ დაედგინა რომელი იყო ამ 4 მედიკამენტიდან ყველაზე უკეთესი და მიეცა მისთვის რეკომენდაცია, ამ ოთხიდან დროებით შეაჩერა “პლაქვენილის” გამოყენება და დატოვა სამი მედიკამენტი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომაც შეაჩერა მისი გამოყენება. ვინაიდან, ვმონაწილეობთ ამ კვლევაში, სოლიდარობაში, ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვიყავით, რომ შეგვეჩერებინა”, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის პროგრამის უფროსი ოფიცრის, კატერინ სმოლვუდის განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ, ჯერჯერობით, არ არსებობს რაიმე დამტკიცებული მედიკამენტის კორონავირუსის სამკურნალოდ, ისინი აფრთხილებენ წევრ ქვეყნებსა და ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომ დაუმტკიცებელი მედიკამენტი არ გამოიყენონ. ამის შესახებ ექსპერტმა ჰიდროქსიქლოროქინის (“პლაქვენილის”) კლინიკური კვლევებიდან დროებით ამოღებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები