საქართველო გერმანიის მთავრობისგან 90 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს
საქართველომ ფინანსური დახმარების მიღების შესახებ კიდევ ერთ დონორთან გააფორმა შეთანხმება.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW) ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას 90 მილიონი ევროს მიღების თაობაზე.
შეთანხმებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა, კლაუს ფაიგელმა მოაწერეს.
აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს საბიუჯეტო მხარდაჭერას და მიიმართება COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად.
აღსანიშნავია, რომ KFW-სთან ხელმოწერილი ხელშეკრულება, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.