ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 1 პაციენტი მოათავსეს

ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში 31 წლის მამაკაცი კორონავირუსის დიაგნოზით შეიყვანეს. პაციენტი სატვირთო მანქანის მძღოლია და მას მოგზაურობის ისტორია აქვს. მან ე.წ. ცხელების ცენტრს თვითდინებით მიმართა, სადაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ქუთაისის ახალი ინფექციური კლინიკის მთავარი ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“ამ დილით, 6 საათზე შემოყვანილ იქნა პაციენტი, ქუთაისის ერთ-ერთი, ე.წ. ცხელების ცენტრიდან დადგენილი კოვიდინფექციით. არის ახალგაზრდა მამაკაცი, სატვირთო მანქანის მძღოლი. მოგზაურობის ისტორია აქვს. 8 მაისს წავიდა რუსეთში,  რამდენიმე ქალაქში იყო, შემდეგ ლარსის საზღვრიდან წასულია სომხეთში. იქ სამი დღე დაყო, შეამჩნია ტემპერატურა და სისუსტე და გადაწყვიტა დაბრუნება. ჩვენს საზღვართან ტემპერატურა აღმოაჩნდა და უკვე იქედან რეანომობილით გადმოიყვანეს ქუთაისში. აქ შიდა კონტაქტები არ ყოფილა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა  თემურ ნადირაძემ.

რაც შეეხება კლინიკაში მყოფ მეორე პაციენტს, რომელიც სოფელ ღვანკითიდანაა – თემურ ნადირაძის თქმით, მისი საკონტროლო ტესტი ისევ დადებითი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, იმერეთის მასშტაბით, Covid19-ის დიაგნოზით ოთხი პაციენტი მკურნალობს, ხოლო კარანტინში 140 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები