ზუგდიდში მუშებმა აქცია გამართეს

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთა კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მათი განცხადებით, უკვე მეორე თვეა, კუთვნილი ხელფასი არ აუღიათ, მათივე განცხადებით, ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მუშები კომპანია ,,დაგის” წარმომადგენლობას სიცრუეში ადანაშაულებენ.

როგორც “რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი, აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია” დაგის” ქვეკონტრაქტორი კომპანია “რუმსი” ახორციელებს, შესაბამისად, აღნიშნულ მუშებთან პასუხისმგებელი კომპანია “რუმსია“.

რუმსის” ხელმძღვანელის განცხადებით, დასაფარია  მხოლოდ მაისის თვის დავალიანება, რომელსაც კომპანია ივნისის პირველ კვირაში გასცემს.

“აღნიშნულ სამუშაოებს 2018 წლიდან ახორციელებს კომპანია “რუმსი” , რომელიც არის ქვეკონტრაქტორი კომპანია “დაგის”. შესაბამისად, აღნიშნულ მუშებთან სრულად პასუხისმგებელი არის კომპანია “რუმსი“.  რაც შეეხება მუშების მიერ მოთხოვნილ დავალიანებას – თითქოს ორი თვის მანძილზე, მათ არ აუღიათ სახელფასო ანაზღაურება, განვმარტავ, ჩვენს კომპანიაში ხელფასი გაიცემა ყოველი თვის დასრულების შემდგომ, მომდევნო თვის პირველ კვირაში და კომპანიას აღნიშნულ მუშახელთან დავალიანება აქვს დასაფარი მხოლოდ მაისის თვის. რა თქმა უნდა ყველა მუშახელი შესაბამის ანაზღაურებს ივნისის პირველ კვირაში მიიღებს, მას შემდეგ, რაც შესაბამისი სამსახურების მიერ დადასტურდება, რომ მათ მიერ შესრულებული სამუშაოები ხარისხიანი და ჯეროვანია“,- განაცხადა კომპანია “რუმსის” ხელმძღვანელმა, არჩილ კობაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები