“ოპოზიციის მთავარი მიზანია, ხალხში გამოიწვიოს უკმაყოფილება” – ახმეტის მერი ლეიბორისტული პარტიის ბრალდებებს უარყოფს

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელის ბრალდებას აიპში მომუშავე თანამშრომლებისთვის ხელფასების გაყინვასთან დაკავშირებით “აბსურდულს” უწოდებს. როგორც “რეგიონულ კვირას” იოსებ ქარუმაშვილმა განუცხადა, ხელფასების რამდენიმე დღით დაგვიანება პირველი შემთხვევა არ არის და საბავშვო ბაღების პედაგოგები, აღმზრედელები და უპოვართა სახლის თანამშრომლები კუთვნილ ხელფასს დღეს მიიღებენ.

“ოპოზიციის მთავარი მიზანია, ხალხში გამოიწვიოს უკმაყოფილება. ხელფასების გადაცდენა, ადრეც მომხდარა და მინდა, აღვნიშნო, თვე ჯერ არც დასრულებულა. ხელფასი დაერიცხა ყველას და დღესვე შეძლებენ აღებას, ვიმეორებ, ოპოზიციის მიზანია, ხალხში უკმაყოფილება გამოიწვიოს”, – განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ვარდოშვილმა სოციალური ქსელით ახმეტელებს შევარდნაძის დროში დაბრუნება მიულოცა და ახმეტის მერიას გამოფხიზლებისკენ მოუწოდა.

“ვულოცავ ახმეტელებს შევარდნაძის დროში დაბრუნებას !
ახმეტის მერიამ საბავშო ბაღის პედაგოგებს, აღმზრდელებს, უპოვართა სახლის თანამშრომლებსა და სხვა აიპში მომუშავეებს, ხელფასები გაუყინა !
( 2020 წელია)
როგორც წესი, 20 რიცხვში გასაცემი ხელფასი მხოლოდ მერიასა და საკრებულოს ჩაერიცხა”, – დაწერა ვარდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები