„ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა: ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა – გივი მოდებაძემ საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„26 მაისი საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის დღეა. ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობა ერთ-ერთი ღირებული მონაპოვარია. მინდა, სრულიად საქართველოსა და, განსაკუთრებით, ჭიათურის რეგიონის მოსახლეობას მივულოცო 26 მაისი. ერთად დგომით ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შევძლებთ“, – განაცხადა ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა, ივა ხეთაგურმა.
„მინდა, დღევანდელი დღე სრულიად საქართველოსა და, განსაკუთრებით, ჩვენს ქალაქ ჭიათურას მივულოცო. ყველას წარმატებასა და წინსვლას ვუსურვებ. დღევანდელ დღეს ჩვენი ქვეყანა განვითარების იმ გზაზე დადგა, რასაც სახელმწიფოებრიობა ჰქვია. მინდა, ბევრი კარგი დღე ასე ერთიანად გვეზეიმოს. გისურვებთ ერთიან, დემოკრატიულ და ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრებას“, – აღნიშნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი მოდებაძემ.