მერაბ კოსტავას დღეს 81 წელი შეუსრულდებოდა

საქართველოს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას დღეს 81 წელი შეუსრულდებოდა. პატივისცემის ნიშნად, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი მხეიძესა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მერაბ კოსტავას ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

„დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩვენს ქვეყანას 70 წელი დასჭირდა დამოუკიდებლობის კვლავ აღსადგენად. სიმბოლურია, რომ 26 მაისს დაიბადა მერაბ კოსტავა, რომლის სახელსაც უკავშირდება თავისუფლებისთვის მებრძოლი თაობის კონსოლიდაცია ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად.

ჩვენს ქვეყანას ყოველთვის ჰყავდა თავისი ეპოქის გამორჩეული გმირები, ადამიანები, რომლებიც თავს სწირავდნენ სამშობლოსთვის. ეს სულისკვეთება თაობიდან თაობას გადაეცემა და დღეს ამაყი ვარ ჩვენი ახალგაზრდებით, რომლებიც თავიანთ სიტყვას ამბობენ დამოუკიდებელი საქართველოს განვითარებისთვის საქმეში.

განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს ჩვენს სამხედროებსა და ოფიცრებს, რომლებიც ამაყად დგანან ქვეყნის სუვერენინტეტის სადარაჯოზე და თავიანთი წვლილი შეაქვთ საერთაშორისო მისიებში მშვიდობისა და თავისუფლების განსამტკიცებლად.

საუკუნოვანი ბრძოლის შემდეგაც, წინ გვაქვს უმნიშვნელოვანესი გამოწვევა – საქართველოს გამთლიანება. დაე, მალე გვეზეიმოს ეს დღე ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად”, – განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შენგელიამ.

შეგახსენებთ, მერაბ კოსტავა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისთვის არაერთხელ იყო რეპრესირებული და გადასახლებული, ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, 1989 წლის 13 ოქტომბერს კი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იმერეთშიც მასშტაბური ღონისძიებების გარეშე აღინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები