რუსთავი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ეროვნული დროშებით მოირთო
რუსთავში ქვეყნის დამოუკიდებლობის 102 წლისთავი არატრადიციულად, უხმაუროდ აღინიშნა. პანდემიის გამო, არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, დღესასწაული აღმნიშვნელი ღონისძიებები არ გამართულა, თუმცა, დამოუკიდებლობის დღე ქალაქს მაინც დაეტყო. რუსთავის ქუჩები დილიდან საქართველოს ეროვნული დროშებითაა მორთული. ქართული დროშები, ტრადიციულად, აივნებიდანაც გადმოფინეს რუსთაველებმა. დილით კი ანსამბლმა ,,თუთარჩელამ“ ქალაქის მთავარ მოედანზე საქართველოს ჰიმნი შეასრულა.
,,მთავარ ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ რუსთაველებსა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მათ, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი. განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს ჯარისკაცებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ სამშობლოს, სამშვიდობო მისიების მონაწილე ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომელთაც უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ. მინდა, უღრმესი პატივისცემით გავიხსენო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები და ქედი მოვიხარო მათი სახელების წინაშე. ქვეყნის დამოუკიდებლობა ყველაზე დიდი მონაპოვარია, რომელსაც მოფრთხილება და დაცვა სჭირდება, ეს დღე ჩვენია!“, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე წელს რუსთავში ისევე, როგორც მთელს საქართველოში, მასშტაბური ღონისძიებების გარეშე ჩაივლის.