ბოლნისში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ
კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიების გარეშე აღნიშნავს. სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალურ შენობებზე, ცენტრალურ ქუჩებსა და ისტორიულ უბნებში საქართველოს ეროვნული დროშები და მისალოცი ბანერები გამოიფინა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მოქალაქეებს დღესასწაული ბოლნისის მერმა მიულოცა.
„102 წლის წინ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საუკუნის წინ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფუძველი ჩაეყარა. თუმცა საბჭოთა ოკუპაციამ ამ პროცესს თავისი ტრაგიკული დაღი დაასვა. 1991 წელს ჩვენმა ერმა ხელახლა მოიპოვა დამოუკიდებლობა და ამ პერიოდიდან მოყოლებული ყველა ერთად გავნითარებულ და ძლიერ საქართველოს ვაშენებთ.
თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ღირებულება არაფერია, ამაში ჩვენი ქვეყნის ისტორიაც კი გვარწმუნებს. თავისუფლება ესაა სახელმწიფოს განვითარების ფუნდამენტი, რომელიც ქვეყნის წარმატებასა და კეთილდღეობას განაპირობებს.
გილოცავთ 26 მაისს, დღეს, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსხვავებების მიუხედავად აერთიანებს. წელს ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, კორონავირუსის პანდემიის გამო, მოკრძალებულად აღვნიშნავთ. დღეს, როდესაც საქართველო კორონავირუსს წარმატებულად უმკლავდება, ყველამ კიდევ ერთხელ უნდა გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ზედმიწევნით შევასრულოთ მედიკოსების რეკომენდაციები. დარწმუნებული ვარ, COVID-19-სა და სხვა გამოწვევებს ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად დავძლევთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, არასოდეს დაგვეკარგოს თავისუფლების სიყვარული. ვისურვებდი ჩვენს სახელმწიფოს ყველა დასახული მიზანისთვის დროულად მიეღწიოს და თითოეულ ჩვენგანს კიდევ უფრო წარმატებულ, განვითარებულ და ძლიერ საქართველოში გვეცხოვროს!“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.