EBRD-ი საქართველოში 90 მლნ ევროს ღირებულების ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტს დააფინანსებს

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი საქართველოში 90 მლნ ევროს ღირებულების ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების მასშტაბურ პროექტს დააფინანსებს, რომელიც სვანეთში, 500/220/35 კვ ნენსკრას ქვესადგურის, ნენსკრა-მესტიის ელექტროგადამცემი ხაზის, 500 კვ ლაჯანური-წყალტუბოს, 220 კვ წყალტუბო-ნამახვანისა და ნამახვანი – ტვიში – ლაჯანურის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს.

როგორც „კვირას“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დღეს შედგა.

შეთანხმების თანახმად, მომდევნო თვეში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რომლის შედეგადაც პროექტის შემსრულებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.

მათი ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ვიდეო-კონფერენციაზე, რომელშიც EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი, ბანკის მმართველი დირექტორი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მატეო პატრონე, ხოლო საქართველოს მხრიდან ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი მონაწილეობდნენ, აღინიშნა, რომ EBRD-ი საქართველოს მთავრობასთან პოსტკრიზისულ პერიოდშიც აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს, ქვეყნის განვითარებისკენ მიმართული მიმდინარე ერთობლივი პროექტები კი შეუფერხებლად განხორციელდება.

“აღინიშნა EBRD-ის, როგორც საქართველოს ძლიერი პარტნიორის როლი, საჯარო და კერძო სექტორთან თანამშრომლობის კუთხით. შეხვედრისას ითქვა, რომ მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მომდევნო პერიოდში ბანკის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების რეფორმას და საქართველოს ელექტროსისტემის კორპორატიზაციის საკითხებს შეეხება.

აგრეთვე, საუბარი შეეხო ენგურის რეაბილიტაციის, ბაკურიანის მუნიციპალიტეტისა და სხვა მუნიციპალური მხარდაჭერის პროექტებს.

შეხვედრისას, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს EBRD-ის მიერ ქართული ბანკებისა და სხვა ბიზნესსუბიექტებისთვის გამოყოფილ დაფინანსებას, რომელთა ხელშეწყობაც, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მთავრობისთვის პრიორიტეტულია.

აღინიშნა, რომ EBRD-ი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია და ბანკის მხარდაჭერა ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დაეხმარება როგორც უშუალოდ კრიზისთან ბრძოლაში, ისე პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპის დასაბრუნებლად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები