თორნიკე რიჟვაძე: მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს საუნივერსიტეტო პროექტების დინამიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტთან შეხვედრა გამართა. როგორც “რეგიონულ კვირას” აჭარის მთავრობიდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრაზე დისტანციური სწავლების მიმდინარეობა და ხარისხი განიხილეს და პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
“აღსანიშნავია, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები მუშაობდნენ კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან. თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, აკადემიური წრეების ჩართულობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო აღჭურვის პარალელურად მომზადდება, როგორც საუნივერსიტეტო კლინიკა.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აჭარის მთავრობის ხელშეწყობით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრატასტრუქტურული პროექტი განახორციელა – გაიხსნა ევროპული სტანდარტების, 200 სტუდენტზე გათვლილი ახალი საცხოვრებელი, ექსპლუატაციაში შევიდა თანამედროვე ციფრული ტექნიკით აღჭურვილი სინქრონული თარგმანის ლაბორატორია, აშენდა ფიტოპათოლოგიის და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტი.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურული პროექტების დინამიკა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში არ უნდა შეიქმნას შეფერხებები.
შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და უნივერსიტეტის რექტორი ესწრებოდნენ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეპიდემიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით წარმატებით მიმდინარეობს ელექტრონული სწავლება, მოქმედებს ელექტრონული პლატფორმა. მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის არცერთ სტუდენტს პანდემიის პერიოდში გადაუხდელობის გამო არ შეჩერებია სტუდენტის სტატუსი”, – აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.