პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი ძალადობის ფაქტზე 2 პირს ბრალი წაუყენა
საქართველოს პროკურატურამ ბ.შ.-სა და დ.ღ.-ს ძალადობის ფაქტზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა – ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 7 აპრილს, დაახლოებით, 14:30 საათზე ქ.ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს დ.ღ.-მ რ.ზ.-ს თავის არეში დაზიანება მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იმავე დღეს, დაახლოებით 14:45 საათზე, დ.ღ.-სა და რ.ზ.-ს შორის არსებული დაპირისპირების მიზეზის გარკვევისას, ბ.შ.-მ რ.ზ.-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც რ.ზ.-მ ასევე თავის არეში დაზიანება მიიღო. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები. პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს მიმართავს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით“, – აღნიშნულია განცხადებაში.