ქუთაისში მამის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.კ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 მაისს ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ურთიერთშელაპარაკებისას მამას – 1968 წელს დაბადებულ ა.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
„დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ქუთაისში დააკავეს.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 13-დან 17 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.