სოფელ ორლოვკაში ადგილობრივებმა საძოვრების სიმცირე გააპროტესტეს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკას მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილბრივები საძოვრების სიმცირეს ჩივიან. მათი თქმით, პირუტყვებისთვის გამოყოფილი მიწების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება.
მოსახლეობის თქმით, ორლოვკაში ცხოვრების ერთადერთი წყარო სოფლის მეურნეობაა.
„ძროხები გვყავს და ასე ვცხოვრობთ ამ სოფელში. ახლა კი სოფლის საძოვრების ნახევარი გაიყიდა და აქ მცხოვრებლებს არ შეგვიძლია ჩვენი პირუტყვის ძოვება. წლებია აქ ვცხოვრობთ. საძოვრების ტერიტორიას იყენებდა მთელი სოფელი. ეს არასოდეს ყოფილა ჩემი, ან სხვისი, აქამდე ყველაფერი საერთო იყო. ვიცოდით, რომ საძოვრების ტერიტორია სახელმწიფო ბალანსზე იყო, მაგრამ თუ ასეა როგორ გაიყიდა“,- განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
აქციის შესახებ ინფორმირებულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია. მუნიციპალიტეტის მერის, ანივარდ მოსოიანის თქმით, აღნიშნული მიწა კონკრეტულმა პირმა დიდი ხნის წინ შეისყიდა და ამის ყველა დამადასტურებელი საბუთიც აქვთ.
„ადგილობრივებს საკმარისი საძოვრები აქვთ, მაგრამ იქამდე პირუტყვის მისაყვანად გასხვისებული ტერიტორიის გავლა უწევთ, მისი მეპატრონეები კი ამის უფლებას არ აძლევენ“,- განაცხადა ნინოწმინდის მერმა.
სოფელ ორლოვკაში აქცია უკვე დასრულებულია.