აჭარაში რამადან ბაირამს აღნიშნავენ
მუსლიმური სამყარო დღეს რამადან ბაირამს აღნიშნავს. ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს აჭარაში მცხოვრებმა მუსლიმებმაც. პანდემიიდან გამომდინარე ყველა მეჩეთი დაკეტილი იყო, 19 მარტის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც მუსლიმები სალოცავად შეიკრიბნენ და მეჩეთებში ლოცვა აღევლინა. ბათუმის ორთა ჯამეში მრევლი დისტანციის დაცვით ლოცულობდა. ლოცვა ტრადიციულად დილის 6:31 წუთზე აღევლინა. დისტანცია გარეთ ქუჩაში მყოფ მლოცველებს შორისაც დაცული იყო. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.
,,ბაირამი ეს არის მარხვის შემდეგ სულიერი ამაღლების, სიხარულის დღე, ახლობლების, ნათესავების , ავადმყოფების მონახულების დღე. სრულიად მუსლიმ სამყაროს ვულოცავ ამ დღესასწაულს“- ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა სრულიად საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ.
ბაირამს წინ უძღვოდა დიდი მარხვა, რომელიც 1 თვე გრძელდებოდა. მორწმუნეები დღის განმავლობაში ლოცულობდნენ. ისინი დილის 5 საათიდან ღამის 9-ის ნახევრამდე არც საკვებს, არც წყალს არ მიირთმევდნენ.