პრემიერი: რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზება არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც არცერთი დღით არ შეჩერებულა
რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე, სოფელ ხევთან, დღეს პირველი, 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა, – სამუშაო პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცეპრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად გაეცნო.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას მონაკვეთზე სულ 12.2 კმ-იანი ცემენტო-ბეტონის 4 -ზოლიანი გზა, 37 ხიდი და 20 გვირაბი აშენდება. პროექტით გათვალისწინებული 20 გვირაბიდან 16-ზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აქტიურად გრძელდება პროექტით გათვალისწინებული 37 ხიდიდან, 18-ის მშენებლობა.
ამასთანავე, უკვე დაწყებულია საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდის მშენებლობა, რომელსაც 22 ბურჯი ექნება და სიგრძით 1 320 მეტრი იქნება. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები 11 ბურჯზე მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ქარსელაძემ პრემიერ-მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პროექტის შესახებ და აღნიშნა, რომ რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი. მშენებლობა ეტაპობრივად 2022 წელს დასრულდება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში დღეს ეს არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელება, გლობალური პანდემიის მიუხედავად, არც ერთი დღით არ შეჩერებულა.
„ეს იყო ჩვენი აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში სისტემური პროექტები არ უნდა გაჩერდეს, მათი მშენებლობა უნდა გაგრძელდეს. ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა ძალზედ სერიოზული დასაბუთება, ყველას კარგად გვესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ჩვენი ეკონომიკისა და ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის. ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის საქართველოს მონაკვეთი, რომელიც დაახლოებით 388 კილომეტრია. ეს არის მონაკვეთი, რომელიც საქართველოს გავლით ევროპას აერთებს ჩინეთთან და ამ გზის დროულად დამთავრებას აქვს უდიდესი, სააერთაშორისო მნიშვნელობა, რადგან ეს გზა დიდ ეკონომიკურ შემოსავლებს მოუტანს რეგიონს, ქვეყანას, ამ რეგიონში მცხოვრებლებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
2019 წელს რიკოთის პროექტებზე დასაქმებული იყო 5 ათასი ადამიანი. დასაქმებულთა 70-80% საქართველოს მოქალაქეა. გზის დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოების დაწყების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა გაორმაგდება. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ პროექტის განხორციელების პირობებში ქვეყანაში დამატებითი კომპეტენცია დარჩეს და მომავალში მასშტაბური პროექტები ქართულმა კომპანიებმა აითვისონ.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალი წლების განმავლობაში აქ კიდევ უფრო მეტი ქართველი დასაქმდეს, ისწავლოს და დამატებითი კომპეტენცია შეიძინოს, რომელსაც შემდეგ ქართულ სამშენებლო კომპანიებს მოახმარს. ეს არის უაღრესად შთამბეჭდავი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც სრულად შეცვლის ქვეყანაში მობილობის ხარისხს. მაღალი მობილობა – ეს არის სწრაფი ეკონომიკური განვითარება. ეს მონაკვეთი მოიცავს დაახლოებთ 96 გვირაბს და 53 ხიდს. ეს ნიშნავს, რომ რიკოთის მონაკვეთი იქნება ძირითადად ინჟინრული გზა, რომლის უდიდესი მნიშვნელობაა, რომ ამ პროექტის განხორციელების პირობებში, დამატებითი კომპეტენცია დავტოვოთ ქვეყანაში, რათა მომავალში, როდესაც ქვეყანა მზად იქნება მსგავსი პროექტებისთვის 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი დახარჯოს, ეს პროექტები მთლიანად ქართულმა კომპანიებმა შეასრულონ. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ამ პროექტის შემდგომ, დამატებით, უნდა დავიწყოთ ამ პროექტის გაგრძელება წითელ ხიდამდე, მცხეთა-ლარსის დამაკავშირებელი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ პროექტების ათვისება შეძლონ ქართულმა კომპანიებმა,”- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საკუთარი ნაწარმის გაყიდვის საშუალება ექნება. ასეთი სავაჭრო მეოდნები მოეწყობა სურამში, შროშასა და ზესტაფონში. სოფელ ხევში კი, აშენდება საზოგადოებრივი ცენტრი და ახალი საბავშვო ბაღი.
სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს რიკოთის უღელტეხილის უბისა-შორაპნის მონაკვეთზეც. ამ ეტაპზე შენდება 12 გვირაბი და 21 ხიდი. გზის ამ მონაკვეთზე, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, 2 გვირაბი გაიჭრება. უბისა-შორაპნის მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებულია 13 კმ სიგრძის ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზის, 18 გვირაბის და 27 ხიდის მშენებლობა.