რუხის საავადმყოფოდან თბილისის ინფექციურში ერთი პაციენტი გადაიყვანეს
გუშინ, გვიან ღამით რუხის საავადმყოფოდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ხანდაზმული ქალი გადაიყვანეს. პაციენტი 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის ნათესავია. ქალს კოვიდინფექცია 16 მაისს დაუდასტურდა.
რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ნიკოლოზ ქარცივაძის განმარტებით, პაციენტის თბილისში გადაყვანა მის კვლევებში ასახული ცვლილებების გამო გახდა აუცილებელი.
„გუშინ მოხდა ხანდაზმული ქალბატონის გადაყვანა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. გადაყვანის მიზეზი გახდა მის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებში გამოსახული ცვლილებები, რომლებიც საჭიროებდა ჰემატოლოგიურ მენეჯმენტს და შესაძლებელი გამხდარიყო ინტენსიური თერაპიის ჩართულობა. პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა მისი გადაყვანა შესაბამის კლინიკაში“, – აღნიშნა ნიკოლოზ ქარცივაძემ.
ქარცივაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, რუხის საავადმყოფოს სტაციონარში მკურნალობს კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა პაციენტი.
„მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გართულებების გარეშე და გეგმურ რეჟიმში ხდება მათი მკურნალობა“, – განმარტა კლინიკურმა დირექტორმა.