ქალაქ ახალციხეში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქალაქ ახალციხეში, სტიქიის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 3 სანიაღვრე არხის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება თამარაშვილის ქუჩიდან მდინარე ფოცხოვამდე არსებულ, 232 მ სიგრძისა და 2,20 მ სიგანის ღია სანიაღვრე არხს; ეწყობა „მლაშიხევის“ დახურული სანიაღვრე წყალშემკრები.
როგორც “რეგიონულ კვირას” ახალციხის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია 80 მეტრი სიგრძის, 4 მეტრი სიგანისა და 2 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მშენებლობა. დახურული კოლექტორი ეწყობა რუსთაველის ქუჩაზეც, რომლის სიგრძე 50 მეტრი, სიგანე და სიმაღლე 2-2 მეტრი იქნება.
მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ალექსი ზედგინიძე მშენებელი და ზედამხედველი კომპანიების წარმომადგენლებეთან ერთად გაეცნო.
“აღსანიშნავია, რომ მოუწესრიგებელი და ამორტიზებული სანიაღვრე არხები პრობლემებს განსაკუთრებით უხვი ნალექის მოსვლის დროს ქმნიდა. პროექტების დასრულების შემდეგ, მიმდებარე დასახლების მაცხოვრებლებისთვის წლების მანძილზე არსებული პრობლემები სრულად მოგვარდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.