ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მეთორმეტეკლასელებს ვიდეო მიუძღვნეს და ორიგინალურად დაემშვიდობენ.
„ახლა ამ ეზოს თქვენი ჟრიამული უნდა ავსებდეს, მაგრამ, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, ეს არ ხერხდება“, – ასე იწყებს თავის მილოცვას ვიდეორგოლში ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორი, დავით ცვარიანი. როგორც თავად ამბობს, დირექტორს სჯერა, რომ მისი მოსწავლეები საქართველოს კიდევ უფრო გაალამაზებენ.
თავიანთ მოსწავლეებს ორიგინალურად ულოცავენ პედაგოგებიც.
„თვეების წინ ერთად ვგეგმავდით, როგორი ლამაზი უნდა ყოფილიყო თქვენი სკოლიდან გაცილების დღე, მაგრამ თქვენ ხომ კორონას თაობა ხართ. მაშ, გაუმარჯოს მე-12 კლასის კასტელს! ჩვენო ანცებო, “შატალისტებო”, ხშირად ჩვენი გულის გამხეთქნო, მაგრამ მაინც ძალიან საყვარლებო, გამორჩეულები იყავით და გამორჩეულად გემშვიდობებით!“, – მიმართავენ პედაგოგები ბავშვებს.
წელს ცაგერის საჯარო სკოლა 22 მოსწავლემ დაამთავრა.