იმერეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალგაზრდა მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს. ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” კლინიკის დირექტორმა დაუდასტურა.
“ერთი პაციენტი მკურნალობს ჩვენთან კორონავირუსზე. ახალგზარდა მამაკაცი გადმოიყვანეს უკვე დადასტურებული დიაგნოზით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა ირაკლი გოგინავამ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
“ეს ადამიანი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. ჩვენ მონიტორინგს ვაწარმოებთ ყველა მძღოლზე,რომელიც შემოდის საქართველოში და რომელიც ტოვებს საზღვრებს. ყველა გვყავს აღრიცხვაზე ყოველდღიურად,შესაბამისად, ვაკონტროლებთ მათ თვითიზოლაციის პირობებს,ეს პიროვნებაც იყო თვითიზოლაციაში,გახდა შეუძლოდ და მიმართა სამედიცინო ცენტრს, სადაც დაუდასტურდა კოვიდ19. კონტაქტებს და პირთა წრეს რაც შეეხება – ოჯახთან შეხება მას არ ჰქონია. იყო მხოლოდ გადაადგილების დროს, რამდენიმე ადამიანი, რომლებიც უკვე არიან თვითიზოლაციაში.გავრცელების საშიშროება არ არის, რადგან ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია”,-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
შეგახსენებთ, იმერეთის მასშტაბით, ამ დროისთვის, კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს. სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.