მერაბ ქვარაია: ოქრუაშვილის განცხადება სკანდალური აღიარება იყო
“ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება სკანდალური აღიარება იყო”, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება, რომელმაც ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა – “ეს შეცდომა ჩვენ კარგი გაგებით მას დავაშვებინეთ, მან გაისროლა”.
ქვარაიას თქმით, ის, რაც 20 ივნისის ღამეს ხდებოდა, კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული იყო.
“ეს იყო სკანდალური აღიარება და, საბოლოოდ, იკვრება სურათი, რომელიც პირდაპირ, ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე ამბობს, რომ – ის რაც ხდებოდა 20 ივნისის ღამეს, ეს იყო დაგეგმილი, კარგად ორგანიზებული შტურმი ხელისუფლების დამხობის, პროვოკაციის მიზნით და ისინი ყველა ხერხით ცდილობდნენ გამოეწვიათ ხელისუფლების პროვოცირება. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი უკვე დადასტურებულია მათი სხვადასხვა დროს ტელეეთერებში მიცემული ჩვენებებით. ამ საქმესთან დაკავშირებით კიდევ ბევრი რამ გახდება ნათელი, თუმცა საზოგადოებისთვის უკვე ყველაფერი ნათელია”, – აღნიშნა ქვარაიამ.