გურჯაანში მოქალაქეები კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცით ისარგებლებენ

კახეთში, ქალაქ გურჯაანში დასასვენებელი პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
პარკის ტერიტორიაზე დასასვენებელი ზონა, ბავშვთა ატრაქციონები, საზაფხულო კინოთეატრი და სპორტული მოედანი მოეწყობა. ტერიტორიაზე  სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება იგეგმება.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, აღნიშნული სკვერი დამსვენებლებისთვის მიზიდულობის ცენტრი გახდება.
“კახეთში მთელი ძალით განახლდა ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც უკვე დაწყებული იყო. ვიმყოფებით გურჯაანის პარკში, სადაც მულტიფუნქციური გარემო შეიქმნება. მუნიციპალური განვითარების ფონდი აწარმოებს აქ სამუშაოებს და ეს ადგილი გახდება დამსვენებლებისთვის ახალი მიზიდულობის ცენტრი. აქ შეიქმნება მრავალკომპონენტიანი სივრცე, სადაც იქნება: ღია ამფითეატრი, ბავშვთა გასართობები და სხვადასხვა ატრაქციები”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გურჯაანის მერის, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, 2020 წელს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა გაიზრდება.
“2019 წელს გურჯაანში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და გვინდა, რომ 2020 წელს კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ. თითქმის ყველა სოფელში მიმდინარეობს სამუშაოები. დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე წელს უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ მუნიციპალიტეტში”, – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.

გურჯაანში დასასვენებელი პარკის რეაბილიტაციით ქალაქს მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება და სრულად იქნება ადაპტირებული შშ მქონე პირებისთვის.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და  მისი ღირებულება 3.5 მილიონი ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები