აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი შსს-ს კოვიდ 19-ის წინააღმდეგ გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებს ულოცავს
“პირველ ყოვლისა, მსურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მივულოცო ის წარმატებული ნაბიჯები, რომლებიც კოვიდ-19-თან საბრძოლველად გადადგა. უწყების ღონისძიებები სრულად იყო კოორდინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან. აშშ-ის საელჩოსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურს ხანგრძლივი ურთიერთთანამშრომლობის ისტორია აკავშირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, განსაკუთრებით კი – საგანგებო მდგომარეობაზე რეაგირების კუთხით. მათი მხრიდან განხორციელებული ღონისძიებები სწორედ იმ თანამშრომლობაზე მიუთითებს, რაც წლებია, უკვე არსებობს ჩვენ შორის“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელმა, ვიცეპოლკოვნიკიმა, ჯოზეფ ბილბომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) მიერ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ადგილობრივი წარმოების პერსონალური დაცვის აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიაზე.
აღნიშნული მხარდაჭერა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა.
აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – გიორგი ბუთხუზი, ამერიკის საელჩოს მხრიდან კი აშშ-ის თავდაცვის ატაშე – პოლკოვნიკი სტეფან ბეგლი, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის უფროსი – ვიცეპოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო და ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერი ჯორჯიის შტატიდან – მაიორი კვინტინ დოლი ესწრებოდნენ.
აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 300 ერთჯერადი სამედიცინო ხალათი, 1120 ერთჯერადი თეთრი დამცავი სამოსი და 90 ცალი IR თერმომეტრი გადასცა, რაც უწყების თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ეფექტურად განახორციელონ პანდემიასთან საბრძოლველად მათზე დაკისრებული მოვალეობები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ს შორის მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სამინისტროს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.