პრეზიდენტი სენატორებთან კომუნიკაციაზე: არ მქონია არანაირი პირადი კომუნიკაცია, რადგან ეს არ არის ჩემი დონე 

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დასავლელი პარტნიორების მიერ გამოყენებული ტერმინი – „პოლიტპატიმრები“, იმას ნიშნავს, რომ ისინი ცუდად არიან ინფორმირებული.

„ეს ნიშნავს რომ ცუდად ინფორმირებულები არიან, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაა. საჭიროა ალბათ, უფრო მეტად ვიყოთ ჩართული ამ ხალხის ინფორმირებაში…შეიძლება, ზოგ შემთხვევაში ეს ნიშნავდეს, რომ ჩვენი დიპლომატები საკმარისად არ მუშაობენ. გამოცდილმა დიპლომატმა იცის, რომ დიპლომატიურად ყველაფრის გაკეთება არ შეიძლება, როცა შენ ხარ რომელიმე საელჩოს ელჩი, ან თანამშრომელი. ამ პერიოდში, როცა აქეთ კოვიდია, აქეთ ემიგრანტების დაბრუნება და მათი ადგილზე დახმარება, რაც ძალიან რთულია, ეს ვიცი პირდაპირი გამოცდილებით და კიდევ ვიღაც სენატორების, თუ პარლამენტარების გამონათქვამები ერთ წუთში არ იცვლება. ეს ყველას გასაკეთებელია და არამხოლოდ საელჩოების, იგივე ჩემი, მეტი შეხვედრები, მეტი აქტიურობაა საჭირო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას სენატორებთან პირადი კომუნიკაცია, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს „მისი დონე არ არის“.

„არ მქონია არანაირი პირადი კომუნიკაცია, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი დონე, (თუ არ შევხვდები რომელიმე კონფერენციაზე. მაგალითად, აქ როცა იყვნენ თავის დროზე მაკკეინის კონფერენციაზე) მაგრამ ვაპირებ ძალიან კატეგორიულად, ახლა მაქვს ამის ყველანაირი უფლება, რადგან ვითამაშე საკმაოდ დამაწყნარებელი როლი, რომ ყველას მოვთხოვო თავისი მხრიდანაც თავის თავში თავშეკავება გამონახოს. ეს იქნება „ტვიტერის“ პასუხებით, თუ პირადი კონტაქტებით. ეს არ უნდა გავაბუქოთ, რადგან ბოლო პერიოდში ზუსტად 29 პრეზიდენტს დაველაპარაკე, გაეროს გენმდივანს, ევროკავშირის საბჭოს თავმდჯომარეს. ყველა პრეზიდენტებთან საუბრის დროს, პირველ რიგში კოვიდი იყო თემა და შემდეგ ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან, როგორ განვავითაროთ ურთიერთობები, რა არის ჩვენი ახალი მოთხოვნები, სად უნდა ვიყოთ ხვალ. ევროკავშირის კარები ხვალ დილით რომ არ გაიღება, ეს თქვენც იცით, მეც ვიცი და საზოგადოებამაც. ეს არ არის ჩვენი დღევანდელი ამოცანა, ჩვენი დღევანდელი ამოცანა არის, რომ შევაღწიოთ იქ, სადაც ჩვენ გვჭირდება, რომ ვიყოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „რუსთავი2“-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები