რუსლან აბაშიძე: იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება სამართლის აღსრულება და ოთხოზორიას მკვლელი პასუხს აგებს
“ვუსამძიმრებ გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება სამართლის აღსრულება და დამნაშავე პირი პასუხს აგებს”, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ განაცხადა.
“გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 4 წელი გავიდა.
19 მაისი ყოველი ჩვენგანისთვის მტკივნეული დღეა, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლის დაცვის უფლება საერთაშორისოდ აღიარებული სამართლებრივი პრინციპების უმთავრესი კრიტერიუმია, რომელიც, სამწუხაროდ, ამ დღეს არ იქნა დაცული.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახის წევრებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება სამართლის აღსრულება და დამნაშავე პირი პასუხს აგებს სისხლის სამართლის შესაბამისად”, – განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
ცნობისთვის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ოთხი წელი გავიდა. გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ე.წ. აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა.