დისტანცია  შეზლონგებს შორის, საპლაჟო ინფრასტრუქტურის დეზინფექცია, ტურისტების  თერმოსკრინინგი –  აჭარა ტურისტულ სეზონს ახალი წესებით ხვდება 

აჭარის რეგიონი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ემზადება. კორონავირუსის პანდემიის ფონზე,  ტურიზმის სექტორისთვის უსაფრთხოების წესები მუშავდება, რომლებიც უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ,  თინათინ ზოიძემ ისაუბრა.

როგორც ზოიძე აცხადებს, უპირველესი რეკომენდაცია ხმელეთზეც და წყალშიც  დისტანციის  დაცვა იქნება. მისი თქმით,  პლაჟზე შეზლონგები გარკვეული დისტანციის დაცვით განთავსდება. ასევე, საშხაპეებსა და შეზლონგებს დეზინფექცია ჩაუტარდება.

„ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ  რაიმე განსაკუთრებულ  რისკს ზღვაში  ბანაობა არ შეიცავს, თუმცა  აქაც აუცილებელია დისტანციის დაცვა, – როგორც ხმელეთზეც.

ხმელეთსა და წყალშიც მთავარი პრინციპი იმ სტანდარტებით, რაზეც მიმდინარეობს მუშაობა, რა თქმა უნდა, არის დისტანცია. შეზლონგებს შორის დისტანცია უნდა იყოს დაცული, მნიშვნელოვანი იქნება დეზინფექცია  შეზლონგების, საშხაპეების, საპირფარეშოების შემთხვევაში. ეს სტანდარტი დაფუძნებულია იმ რეგულაციებზე, რომლებიც ჯანდაცვის  მსოფლიო  ორგანიზაციასა  და ტურიზმის მსოფლიო  ორგანიზაციას აქვს მიღებული.

შეზლონგებს შორის დისტანციასთან დაკავშირებით, იქნება ეს 1 თუ 2 მეტრი,  მიმდინარეობს მსჯელობა და განხილვა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. ამ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა  აქვს პლაჟის მდებარეობას, განლაგებას, სივრცეს“, – განმარტავს თინათინ ზოიძე.

მისივე თქმით,  როგორც  დიდ , ისე   საოჯახო ტიპის პატარა სასტუმროებს ახალი წესებით მუშაობა მოუწევთ.

„სტუმრების დაბინავებისას  თერმოსკრინინგი იქნება საჭირო. ასევე, როცა სტუმრები  გაემგზავრებიან,  შემდეგ ოთახები  გარკვეული საათების მანძილზე უნდა დაყოვნდეს,   სანამ  დეზინფექცია ჩატარდება. გამოყოფილია კონკრეტული პროცენტი, რამდენი ადამიანი უნდა მიიღოს სასტუმრომ”, –  განაცხადა თინათინ ზოიძემ „კვირასთან საუბრისას.

მისივე თქმით, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან, საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან უსფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით აქტიური საინფორმაციო კამპანია ჩატარდება.

„ტურისტული თვალსაზრისით,  ჩვენს ქვეყანასა და რეგიონს ძალიან დიდი პრიორიტეტი აქვს.  ცალკე აღებული ტერმინი „ტურიზმი“ აღარ არსებობს, ამას ყოველთვის თან მოსდევს  სიტყვა „უსაფრთხოება“,  ჩვენ აქ პრიორიტეტი გვაქვს, ამას მოწმობს ჩვენი კოვიდსტატისტიკა და კოვიდის მართვის ის ეფექტიანი გზა , რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აქვს. ნებისმიერი მოქალაქე,  ვინც სამოგზაურად მიდის მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, პირველ ყოვლისა, რასაც ამოწმებს, არის  ის, თუ როგორ მართავს ქვეყანა კოვიდსიტუაციას და რა ტიპის სტატისტიკა არსებობს ამ კუთხით.  ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვართ მოწინავე რიგებში  და საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა სამოგზაუროდ. მთავარი მესიჯი, რომელსაც დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩვენი სახელმწიფო გააჟღერებს, იქნება ის, რომ ჩვენ ვართ უსაფრთხო ქვეყანა მოგზაურობისთვის.

ამისთვის  ჩვენ მომდევნო 1 თვის განმავლობაში კერძო სექტორთან ერთად ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რომ დავნერგოთ სტანდარტები, რომელსაც სახელმწიფო ამზადებს.  ამ კვირის განმავლობაში უკვე გვექნება ეს სტანდარტები ოფიციალურად, მივაწვდით კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ამ სტანდარტების სამუშაო ვარიანტები დამუშავებულია  და მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მისი განხილვა კერძო სექტორთან. ბევრი შენიშვნა და რეკომენდაცია ჰქონდა კერძო სექტორს და თითოეული  პუნქტი სასტუმროებთან, გიდებთან, ტრანსპორტის წარმომადგენლებთან ერთად გავიარეთ, მაქსიმალურად ავსახეთ ის რეკომენდაციები, რომელიც შესაძლებელი  იყო. ეს სტანდარტები შეთანხმებული და დაფუძნებულია იმ რეკომენდაციებთზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო  გასცემს.

ახლა გვაქვს ძალიან საპასუხისმგებლო საქმე სექტორთან ერთად, უნდა მოვახდინოთ  ამ სტანდარტების რეალობაში დანერგვა და ტრენინგების, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ჩატარება როგორც ქალაქში, ასევე – სოფლებში, სადაც საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლებია. მათ ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ იმის შესახებ, თუ რა ტიპის სტანდარტები უნდა დაინერგოს იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ვუმასპინძლოთ ტურისტებს.

თიოეულმა მოქალაქემ ისეთივე პასუხისმგებლობით უნდა იმოგზაუროს და დაიცვას მოგზაურობის წესები, როგორც აქამდე ვიცავდით, რამაც მოგვიტანა ეს შედეგი კოვიდსტატისტიკის კუთხით“, – აცხადებს თინათინ ზოიძე.

ზოიძემ კომენტარი მომსახურების  ფასებთან დაკავშირებითაც გააკეთა და განაცხადა, რომ  ფასებს ბაზარი არეგულირებს.

„ სააგენტოები, გიდები, სასტუმროები შემქნილ მდგომარეობას სწორად აფასებენ, ფასების საკითხში სახელმწიფო ვერ ჩაერევა.  ფასებს ბაზარი არეგულირებს. აღნიშნული საკითხის კუთხით შეიმჩნევა საკმაოდ კარგი ტენდენცია, ბათუმში დიდმა სასტუმროებმა   ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრისთვის უკვე ფასდაკლებები  გამოაქვეყნეს.

ვფიქრობთ, ფასებთან დაკავშირებით ტურიზმის სექტორი ყოველთვის მოქნილია და  სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. დარწმუნებული ვარ, კერძო სექტორს არ გაუჭირდება ადაპტირება“, – განაცხადა ზოიძემ.

შეგახსნებთ, საქართველო 15 ივნისიდან შიდა, პირველი ივლისიდან კი საერთაშორისო ტურიზმისთვის იხსნება.

თამუნა შეყილაძე 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები