კახაბერ კუჭავა: საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულება ევროპარლამენტარებმა პოზიტიურად შეაფასეს

“საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულება ევროპარლამენტარებმა პოზიტიურად შეაფასეს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ განხილულ ანგარიშის პროექტს, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება და ევროპარლამენტის წევრმა, სვენ მიქსერმა შეადგინა.

კუჭავას თქმით, ვეროპარლამენტარები მიესალმებიან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას, ასევე, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ოქრუაშვილისა და უგულავას შეწყალებასთან დაკავშირებით.

„მნიშვნელოვანი იყო ის კომენტარები, რომლებიც მოვისმინეთ ევროპარლამენტარებისაგან. ანგარიშში თავიდანვე პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულების ნაწილი – ჩვენი ღონისძიებები, გატარებული რეფორმები, საკანონმდებლო საქმიანობა, თუმცა პოზიტივთან ერთად, რა თქმა უნდა, გამოწვევებზეც იყო საუბარი. ნახსენებია საკითხები, რომელზეც ხელისუფლებამ მეტი უნდა იმუშაოს და გააუმჯობესოს ის მიღწეული შედეგები, რომელიც დღეს გვაქვს. ვეროპარლამენტარები მიესალმებიან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას, ასევე, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ოქრუაშვილისა და უგულავას შეწყალებასთან დაკავშირებით და აღნიშნავენ, რომ ეს არის დეპოლარიზაციისა და პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისკენ გადადგმული ნაბიჯი. ევროპარლამენტარები გამოთქვამენ იმედს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელებული იქნება და ყველა პოლიტიკური პარტია დაუჭერს მხარს”, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

მისი ინფორმაციით, ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა ახსენა ტერმინი „პოლიტპატიმარიც”, მაგრამ გასათვალისწინებელია სხვა ევროპარლამენტარების კომენტარები, რომლითაც, ფაქტობრივად, პასუხი გაეცა ამ გამონათქვამს.

„საუბარია მარინა კალიურანდის კომენტარზე, რომელმაც მოუწოდა კოლეგებს, რომ თავი შეიკაონ სოციალური ქსელების საშუალებით, განსაკუთრებით, ტვიტერის საშუალებით ე. წ. ფეიკ ნიუსების გავრცელებისგან და, ასევე, მოუწოდა კონსტრუქციული დიალოგისკენ ყველას. საბოლოო ჯამში, ანგარიში პოზიტიურად იქნა შეფასებული. ბევრი კრიტიკულად განწყობილი ავროპარლამენტარიც კი ხაზს უსვამს პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების კუთხით და იმედოვნებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დამოუკიდებელ, თავისუფალ, გამჭვირვალე გარემოში, როგორიც ჩვენ დიდი ხანია გვაქვს და ბოლო არჩევნების დროსაც დავამტკიცებთ, რომ ჩვენს ხელისუფლებას შეუძლია ყოველ წელს კიდევ უფრო გააუმჯობესოს არჩევნების ჩატარების სტანდარტი”, – აღნიშნა კახაბერ კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები