გიორგი გახარია: სამწუხაროდ, გაურკვეველი ვადით, ამ ვირუსთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება

ერთ რამეს უნდა შევეგუოთ, რომ, სამწუხაროდ, ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს როგორც ჩანს გაურკვეველი ვადით, შესაძლოა, ეს იყოს რამდენიმე თვე ან წელი, ჩვენ ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ და უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, როგორც ტურისტული ქვეყნის უნდა გაძლიერდეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში, ტურიზმის სექტორთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიცაა ქვეყნის ისტორია და კულტურა, ქართული სამზარეულო, სტუმართმასპინძლობა, მეღვინეობის 8000-წლიანი ისტორია და ძეგლები, უნდა დაემატოს ის ფაქტი, რომ საქართველო ეფექტურად უმკლავდება და მართავს ვირუსის რისკებს, ეს ყველაფერი კი საშუალებას აძლევს ქვეყანას – აამოქმედოს ეკონომიკა.

„ჩვენ შეიძლება წელს და, რა თქმა უნდა, ყველა უნდა შევეგუოთ, რომ იმ რაოდენობის ტურისტს როგორც შარშან მივიღეთ ვერ მივიღებთ, მაგრამ ჩვენ ჩვენს კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიცაა ჩვენი ისტორია, 8000 წლიანი მეღვინეობის ისტორია, ჩვენი ისტორიული ძეგლები, სამზარეულო, კულტურა, სტუმართმასპინძლობა უნდა დავამატოთ, რომ საქართველო ეფექტურად უმკლავდება და მართავს ვირუსის რისკებს და შეუძლია როგორც სწრაფი გამოვლენა, ასევე მკურნალობა, ამავდროულად კი ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეკონომიკა ავამოქმედოთ. ესაა ჩვენი მიზანი და ამას მარტო სახელმწიფო ვერ გააკეთებს, როგორც ვირუსთან ბრძოლის ნაწილში ეფექტური თანამშრომლობა სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის იყო ძირითადი გასაღები იმ წარმატების, რომელიც დღეს გვაქვს, ასე თუ ისე, სხვებთან შედარებით, ზუსტად იგივე უნდა გავაკეთოთ ბიზნესთან მიმართებაშიც. პირველად ჩვენ ვიყავით ამ თემაზე სასაუბროდ აჭარაში, ბათუმში. იქაც, მოგეხსენებათ, რომ ტურიზმის წილი ეკონომიკისა და რეგიონის განვითარებაში არის უკიდურესად დიდი, ზუსტად იგივეა დღეს კახეთში და ალბათ ლოგიკურია ისიც, რომ პირველ რიგში ჩვენ ტურიზმის განვითარებას ვიწყებთ რეგიონებიდან და არა მაგალითად თბილისიდან. იქ ცოტა სხვა რისკებია და ამ რისკების მართვა თბილისში ცოტა რთულია, კახეთში და ზოგადად რეგიონში ეს უფრო მარტივია. ეს არის რისთვისაც ჩამოვედით. თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილი და გააზრებული. ერთბაშად და სწრაფი მოხსნები ვერ იქნება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ არ დავაყენოთ კითხვის ნიშნის და რისკის ქვეშ საერთოდ საქართველო, როგორც Covid-19-თან ეფექტურად მებრძოლი და რისკების ეფექტურად მმართველი ქვეყანა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარეშე, ტურიზმი ვერ იქნება და სტუმარი არ ჩამოვა. უნდა ვიყოთ Covid-19-სგან სუფთა, უსაფრთხო, მწვანე და ამის შემდგომ უკვე შეგვიძლია ყველაფერზე ვისაუბროთ,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები