ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ორსული ქალი ქუთაისში კლინიკა “ბომონდში” მოათავსეს

ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ორსულობისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ექიმის დახმარება ესაჭიროებოდა, თუმცა ე.წ. საზღვარზე გადმოსვლას ვერ ახერხებდა, ქუთაისის კლინიკაშია მოთავსებული. 41 კვირის ორსული კატასტროფის ბრიგადამ “კლინიკა ბომონდის” “ცხელების ცენტრში” გალიდან შეიყვანა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის გადმოყვანა ხელისუფლების ჩარევის შედეგად მოხერხდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ორსული პაციენტი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, საზღვარზე გადმოსვლას ვერ ახერხებდა და დახმარებას ითხოვდა.

“პაციენტი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა ექიმთან მისვლას ვერ ახერხებდა, რადგან ე.წ. საზღვარი ჩაკეტილი იყო, ხოლო ენგურის ხიდზე ფეხით გადმოსვლა არ შეეძლო. აქედან გამომდინარე, ითხოვდა დახმარებას. ჩვენ მაშინვე ჩავაყენეთ საქმის კურსში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი, ქალბატონი ქეთევან ბაკარაძე, რომლის უშუალო ჩარევითა და ოპერატიული რეაგირებით მოხდა აღნიშნული პაციენტის კლინიკაში გადმოყვანა”, – თქვა “კლინიკა ბომონდის” გენერალურმა დირექტორმა, მამუკა მიქაძემ.

პაციენტის თქმით, აფხაზეთში ექიმებმა უარი თქვეს მის მიღებაზე იმ მიზეზით, რომ რთული პაციენტი იყო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მაინც ამშობიარებდნენ და ახალშობილს რაიმე დასჭირდებოდა, აღნიშნულ საჭიროებას ვერ უზრუნველყოფდნენ.

კლინიკაში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, ორსულის მდგომარეობა დასტაბილურდა. ქალს უკვე ჩაუტარდა საკეისრო კვეთა. ამ ეტაპზე, დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები