ლევან გოფოძე: მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვაძლევს
რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანლის, ლევან გოფოძის თქმით, მოსახლეობამ კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციები მაქსიმალურად უნდა დაიცვას.
მისივე თქმით, სოციალური დისტანცირება, ჯერჯერობით, კვლავ აუცილებელია.
„რადგან იხსნება, ბუნებრივია, ამას აქვს ეპიდემიოლოგიური სამსახურის შესაბამისი რეკომენდაციები და ამიტომ იხსნება. ერთადერთი, ჩემი აზრით, ჯერჯერობით მაინც აუცილებელია სოციალური დისტანცირება, მაქსიმალურად თავის დაცვა, სახლში დარჩენა, როცა ამის საშუალება გვაქვს, მასობრივი შეკრებებისგან თავის არიდება მაინც ძალაში უნდა დარჩეს. რისკებს გაზრდის. რაც უნდა იყოს, ჯერ ქვეყანაში არიან კოვიდინფიცირებული პაციენტები, ესე იგი, ინფექცია არის, მთლიანად ამოძირკვული არ არის, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც გვაძლევს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.