გიგლა მიქაუტაძე: ეკონომიკური კრიზისები მანამდეც გვქონდა, სამუშაო ადგილები პანდემიამდე შემცირდა

“სამუშაო ადგილები პანდემიამდე შემცირდა”, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.

“იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდეს, დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი 2019 წელს 10 800 ადამიანით შემცირდა. ეს არის იმ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელიც ბოლო 8 წელია ქვეყანაში ტარდება. საქსტატმა დღეს გამოაქვეყნა 2019 წლის მონაცემები, რომლიდანაც ვიგებთ, რომ გასულ წელს შემცირდა უმუშევრების დონე, მაგრამ არა – ახალი სამუშაო ადგილების, არამედ მთლიანი სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე. ქვეყნის სამუშაო ძალა 2019 წელს თითქმის 30 000 ადამიანით ნაკლები იყო წინა წელთან შედარებით. გაზრდილია მხოლოდ თვითდასაქმებულთა რიცხვი 6 900 ადამიანით და მათი წილი მთლიან დასაქმებაში კვლავ მაღალი რჩება – 50 %. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკური პრობლემები კრიზისამდეც გვქონდა, რადგან ქვეყანა წლებია არასწორად იმართება. სამწუხაროა, რომ კორონაკრიზისი ამ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს. ამიტომ საჭიროა მასშტაბური ანტიკრიზისული გეგმა და ქმედითი ნაბიჯები და არა ასეთი გეგმის პროფანაცია, რასაც მთავრობისგან ვისმენთ ბოლო მთელი ეს პერიოდი”, – განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

საქსტატმა დღეს უმუშევრობის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2019 წელს ქვეყანაში უმუშევრობის რეკორდულად დაბალი დონე – 11.6% დაფიქსირდა.

საქსტატის ცნობით, 2018 წელს უმუშევრობა 12.7%-ს, ხოლო 2017 წელს კი – 13.9% -ს შეადგენდა. სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 62.9 % შეადგინა. ამასთან, 2018 წელთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე – დასაქმების დონე, შესაბამისად, 1 და 0.2% პუნქტით.

ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წელთან შედარებით გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე, წინა წელთან შედარებით, როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1 პროცენტული პუნქტით. საქსტატის მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ გადააჭარბა თვითდასაქმებულებს.

თუმცა აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმებულებში დაქირავებულთა წილი შემცირდა. 2019 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულებში 50.3% შეადგენდა, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში – საქალაქო დასახლებებთან შედარებით. კერძოდ, 2019 წელს წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

წინა წელთან შედარებით 2019 წელს უმუშევრობის დონე გაზრდილია მხოლოდ გურიისა და კახეთის რეგიონებში, შესაბამისად, 0.8 და 0.1 პროცენტული პუნქტით. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, აღნიშნული მაჩვენებელი 1.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. ყველაზე დიდი კლება ფიქსირდება შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, შესაბამისად – 3.0 და 2.1 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე, ქალებთან შედარებით, ტრადიციულად, მაღალია კაცებში. საქსტატის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში 1.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული და შესაბამისად, 10.1 და 12.8 პროცენტს შეადგენს. ამასთან, აქტიურობის დონე შედარებით მაღალია კაცებში. 2019 წელს ქალებში აქტიურობის დონე 54.5 პროცენტს, ხოლო კაცებში – 72.6 პროცენტს შეადგენდა. 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 1.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.0 პროცენტული პუნქტით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები