„მე ვიპოვე ბარათაშვილის დღემდე ძიებაში მყოფი პოემა „ივერიელნი“
„მე ვიპოვე ბარათაშვილის დღემდე ძიებაში მყოფი პოემა „ივერიელნი“ – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
„ჩემო ძვირფასო ქართველო მეგობრებო, მე დღეს ერთი ამბავი უნდა გამცნოთ: მე ვიპოვნე ბარათაშვილის დღემდე ძიებაში მყოფი პოემა „ივერიელნი“.
მე ვარ ბედნიერი, რომ წილად მხვდა ამ საიდუმლოს გადაჭრა. იმედია, ეს ამბავი გაგიხარდებათ. იმასაც გეტყვით, რომ ის არც სადმე წიგნთსაცავში მინახავს, არც ბუკინისტურ მაღაზიაში მიყიდია. ეს სრულიად უსასყიდლოდ მივაგენი. ერთადერთი სასყიდელი იყო ჩემი დაჟინებული სურვილი, დამთავრებულიყო ჩემი ერის ლოდინი ამ პოემის მიგნებისა. გასაოცარი და კურიოზული ისაა, რომ ეს პოემა გამოქვეყნებული იყო. ჩვენ კი ვეძებდით. დანარჩენი რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ჩემს გვერდზე. თქვენი ლევან თაქთაქიშვილი“, – წერს ლევან თაქთაქიშვილი ფეისბუქის გვერდზე.
ცნობისათვის: დღემდე დაკარგულად ითვლებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემა „ივერიელნი“. ბარათაშვილის დროს ბეჭდვითი ორგანო არ არსებობდა, პოეტის თხზულებანი ხელნაწერებად ვრცელდებოდა. ამიტომ მკვლევრები ფიქრობდნენ, რომ პოეტის არაერთი თხზულება დაიკარგა. მათ შორის – ისტორიული პოემა „ივერიელნიც“.