სოფო კილაძე: პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, თუმცა ამ გადაწყვეტილებას უკან ვერ დავაბრუნებთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, გუნდის წევრები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, თუმცა მისივე თქმით, ამ მოცემულობას აღარაფერი ეშველება.
„წარსულშიც არაერთხელ გვითქვამს, რომ პრეზიდენტის გარკვეულ შეწყალებებს, სკანდალურ შეწყალებებს არ ვეთანხმებოდით, ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც საქმე ასეთ სიტუაციასთან გვაქვს.
ვამბობთ, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან, რაც დამტკიცებულია სასამართლოს ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. ეს ადამიანები პოლიტპატიმრები არ არიან. ქალბატონმა სალომემ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. ჩვენ არ ვეთანხმებით, თუმცა ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც უკან ვერ დავაბრუნებთ ვერც ჩვენ და ვერც ქალბატონი სალომე. აჯობებს, კონცენტრაცია მოვახდინოთ იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდეს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება. ამით „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ ისპეკულირებს, რომ ვთქვათ, ადგილი აქვს პოლიტპატიმრების დაკავებას, ამასაც ვეღარ გააკეთებს სამომავლოდ. აჯობებს, ახლა მომავალზე გავაკეთოთ აქცენტირება, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც უკვე მიღებულა.
მთავარია ჩავატაროთ არჩევნები ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება. კიდევ ერთხელ რეალურად დაფიქსირდება, რომ ოპოზიცია ნამდვილად მავნებელია და ამას ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.