მიხეილ ჩხენკელი: კრიზისულ სიტუაციაში დაიბადა „ტელესკოლის“ იდეა და უმოკლეს დროში მობილიზდა რესურსი

კრიზისულ სიტუაციაში დაიბადა „ტელესკოლის“ იდეა და უმოკლეს დროში მობილიზდა რესურსი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სფეროს ყველა მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

პრეზენტაციის ფარგლებში, მინისტრმა სამინისტროს მიერ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე, არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის კონკრეტულ გზებზე ისაუბრა.

პრეზენტაციაზე დეტალურად იქნა განხილული სამინისტროს ყველა ინიციატივა, განხორციელებული, მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტი ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით.

მინისტრმა საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დისტანციური სწავლების უმნიშვნელოვანეს პროექტზე „ტელესკოლა“, რომელსაც სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან ერთად, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ჩართულობით, თვეზე მეტია ახორციელებს.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პროექტი „ტელესკოლა“. ეს გახლავთ მართლაც უნიკალური პროექტი, რომელიც პირველ არხთან ერთად განხორციელდა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალი არხი – „პირველი არხი განათლება“, რომელიც, რა თქმა უნდა, გააგრძელებს მაუწყებლობას. მოგეხსენებათ, ყველა კრიზისული სიტუაცია ბადებს შესაძლებლობებს. სწორედ ასეთ კრიზისულ სიტუაციაში დაიბადა „ტელესკოლის“ იდეა და უმოკლეს დროში მოხდა რესურსის მობილიზაცია. შედეგად კი მივიღეთ უნიკალური პროექტი, რომელსაც ძალიან პოზიტიური გამოხმაურება აქვს საზოგადოებაში. იგი გასცდა სკოლის ფარგლებს და მას თვალს ადევნებენ მოსწავლეების ოჯახის წევრებიც.

მადლობა მინდა გადავუხადო პირველი არხის თანამშრომლებს, რომლების 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ პროექტის განხორციელებისათვის, ასევე არხის ხელმძღვანელობასაც. განსაკუთრებული მადლობა ვასილ მაღლაფერიძეს, არა მხოლოდ როგორც ხელმძღვანელს, არამედ როგორც „ტელესკოლის“ ერთ-ერთ საუკეთესო მასწავლებელს,”- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის განცხადებით, პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით ხორციელდება და ის შეუცვლელი საშუალებაა მოსახლეობის/მოსწავლეთა იმ ნაწილისთვის, ვისაც ინტერნეტსა და ონლაინ სწავლებაზე ხელი არ მიუწვდება. პროექტი ნებისმიერ მოსწავლეს საშუალებას აძლევს, ნახოს ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული, საინტერესო გაკვეთილები ნებისმიერ საგანში.

საეთერო ბადე – გაკვეთილების ცხრილი მოიცავს ყველა საფეხურის საგანს. ტელე-გაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ. ამასთან, გაკვეთილების დაგეგმვისას სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონემოსწავლეების ინტერესები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული – ყველა ტელე-გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.

პროექტს 13 აპრილიდან ეთნიკური უმცირესობებისთვისსომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, ასევე სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების, ტელე-გაკვეთილები დაემატა.

„ტელესკოლა“ აბიტურიენტის საათის ჩატარებასაც ითვალისწინებს, სადაც სპეციალისტები აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის უწევენ კონსულტაციას.

პროექტში ჩართულები არიან მასწავლებლები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან. სატელევიზიო გადაღებების პროცესს უზრუნველყოფს საქართველოს პირველი არხის შემოქმედებითი ჯგუფი.

პროექტი „ტელესკოლა“, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გრძელვადიანი იქნება და კორონავირუსის საფრთხის დაძლევის შემდეგაც გაგრძელდება. ახალი პროექტისთვის გამოყენებულია საქართველოს პირველი არხის სხვადასხვა პლატფორმაზე – ვებპორტალი 1tv.ge, საქართველოს პირველი არხის Youtube და Facebook გვერდები.პროექტის პოპულარობადღითიდღეიზრდება,ერთი თვის მონაცემების მიხედვით, „ტელესკოლის“ გაკვეთილები 1TV.GE-ზე მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

პროექტის ფარგლებში საქართველოს მეორე არხი საგანმანათლებლო პლატფორმად „პირველი არხი – განათლება“ გადაკეთდა. სამომავლოდ არხი მსოფლიოს საუკეთესო საგანმანათლებლო პროგრამების თარგმნასა და პროექტის ფარგლებში ჩვენებას უზრუნველყოფს.

როგორც ცნობილია, კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა მაქსიმალურად გაეზარდა დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობა. სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“ სწორედ ამ ამოცანების შესრულებას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები