უპირბადეო მთვარე, კარანტინი და ლექსი, რომელიც ექიმებისა და პაციენტების შთაგონებით დაიწერა…

დაიბადა და გაიზარდა მცხეთა-მთიანეთის ულამაზეს რაიონში, თიანეთში. პირველი ლექსი  ათი წლის ასაკში  9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნას მიუძღვნა. ხატავდა, წერდა, ცეკვავდა.
ჩანახატებს ადგილობრივ გაზეთში აქვეყნებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ  ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე უნდოდა ჩაბარება, მაგრამ ისე მოხდა, რომ  თსუ-ს სამართლის ფაკულტეტის კარი შეაღო.
თუმცა წერის სიყვარულით სხვადასხვა დროს მაინც მუშაობდა პრესაში, ტელევიზიაში, რადიოში. სტუდენტობის წლებში მისი მინიატურები გაზეთმა „ლიტერატურულმა საქართველომ“ გამოაქვეყნა.
არის ჟურნალისტთა და მწერალთა შემოქმედებითი კავშირების წევრი, ლიცენზირებული ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით.
აპირებს შემოქმედებითი კრებულის გამოცემას, გამოფენაზეც ფიქრობს. – ჟურნალისტის, ადვოკატის,მხატვრისა და მწერლის, ლევან ცალუღელაშვილის პერსონა.

 ლევან, მცხეთამთიანეთის ულამაზეს რაიონში, თიანეთში დაიბადე და გაიზარდე. რას გაიხსენებ ბავშვობიდან?
– ბავშვობიდან არაერთი კარგი მომენტის გახსენება შემიძლია… როგორც ყველა თიანეთელ ბავშვს, მეც მიყვარდა მდინარე იორში ბანაობა თუ თევზაობა. ვწერდი ჩანახატებს, ვხატავდი, ვცეკვავდი ქორეოგრაფიულ ანსამბლში… პარალელურად, სკოლაშიც ცუდად არ ვსწავლობდი. სკოლის დაფაზეც ვიყავი გამოკრული… დღემდე მომყვება ის სითბო და ზრუნვა, ის სიყვარული, რაც ჩემი მხრის ხალხს განსაკუთრებულად ახასიათებს და აღვნიშნავ კიდეც ერთ ლექსში:
„აღარც სისხამ დილის სანახირო,
აღარც თეკლე ბაბოს მარწყვის ბაღჩა…
აღარც ლუკა პაპას „შემოგევლეს“  სითბო, –
ბალღს რომ გულში დამრჩა“…
ლუკა პაპა, თეკლე ბაბო, ლევანი პაპა… ზემო თიანეთიდან, ჩემი ბავშვობის ზღაპრის კეთილი პერსონაჟებივით შემორჩნენ მეხსიერებას. განსაკუთრებით აღვნიშნავ ჩემს ამალია და მაყვალა ბებოს, ზაქრო და ვანო პაპას, რომლებმაც მშობლებთან ერთად, დადებითი გავლენა მოახდინეს ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაზე და თუ კი რამ კარგი არის ჩემში, – მათი დამსახურებაა.
ჩემი ბავშვობის თიანეთის მოგონებები ფერადი, გაუხუნარი და ძვირფასია ჩემთვის. თიანეთს არაერთი შესანიშნავი პედაგოგი, ექიმი, ჟურნალისტი, პოეტი თუ ზოგადად, საზოგადო მოღვაწე დააკლდა… კოლორიტები ღმერთმა გვიმრავლოს დღესაც და მომავალშიც, მაგრამ იმიტომ ვახსენე, რომ მათ გარემოცვაში გავატარე ბავშვობა… ასეთები იყვნენ ჩემი პედაგოგები, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, აღარ არიან… დიდებული პოეტი, ალაზა ხაიაური, ადგილობრივი გაზეთის რედაქტორი და შესანიშნავი პოეტი, თემურ ცალუღელაშვილი, ჟურნალისტი და საუცხოო პედაგოგი, ეთერ თარიმანიშვილი, ყველა შეიძლება ვერ ჩამოვთვალო… თიანეთს დღესაც ძალიან დასაფასებელი და კოლორიტი პიროვნებები ამშვენებს და მინდა რომ ასე იყოს ყოველთვის.
პირველი ლექსები, ჩანახატები ქვეყნდებოდა ადგილობრივ გაზეთშიც

ეთერ თარიმანაშვილთან ერთად

– ჩემი მოსაწავლეობის დასაწყის წლებს დაემთხვა ეროვნულ-განმათავისუფლბელი მოძრაობის დასაწყისი და ავადმოსაგონარი 9 აპრილის ტრაგედია, რომელსაც თიანეთელი კაცის, მიტინგის მონაწილეთა დასახმარებლად მისული ნოდარ ჯანგირაშვილის სიცოცხლე შეეწირა. მაშინ, 9-10 წლის ბავშვმა ბავშვურად განვიცადე მომხდარი და ჩემი პროტესტი ქაღალდზე გადავიტანე. პროტესტს „ამას არ შეგარჩენთ“ ერქვა… მერე ნოდარ ჯანგირაშვილზეც დავწერე… როგორც ყველა ჩემს თანამემამულეზე, – ჩემზეც ძალიან იმოქმედა 9 აპრილის ტრაგედიამ და მაშინდელი ჩემი ხელით ნაწერ ლექსებს დღემდე ვინახავ. მერე იყო 90-იანი წლები, უშუქობა, პურის რიგები… გაზეთ „ახალ თიანეთში“ გამოქვეყნდა ჩემი პირველი ჩანახატი „შავი ლანდები“, სადაც იმჟამინდელ გასაჭირზე ვწერდი. ჩემი ჟურნალისტად ჩამოყალიბება გაზეთ „ახალი თიანეთის“ რედაქტორის, თემურ ცალუღელაშვილის, მისი მეუღლის ლალი იაგორაშვილის, მოგვიანებით კი ქალბატონ ეთერ თარიმანიშვილის დამსახურებაა.
ქალბატონი ეთერი ცნობილი ჟურნალისტი და პედაგოგი, სწორედ ჟურნალისტიკის ფაკულტეტისთვის მამზადებდა. ჩემში, როგორც ჩანს, გარკვეულ პერსპექტივას ხედავდა. ერთხელ ხუმრობით მითხრა კიდეც, ჟურნალისტი თუ არ გახდები, მოვალ და ფანჯრის მინას ჩაგიმსხვრევო… ძალიან მიყვარდა ეთერი მასწავლებელი და მასაც ვუყვარდი. აღნიშნულთაგან აღარავინ არის ცოცხალი… ნათელში მკვიდრობდეს მათი სპეტაკი, ლამაზი სულები…
და მაინც, თსუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი გახდი. რატომ გადაიფიქრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი?
– შემოქმედებითი ტურები ტარდებოდა და დიდი კონკურსი იყო. ვიფიქრე, რომ ვერ გადამელახა, წელი უნდა დამეკარგა… სამართლის ფაკულტეტზე ჩავირიცხე, მაგრამ, შეძლებისდაგვარად, ჟურნალისტიკის ლექციებსაც ვესწრებოდი და თან ვმუშაობდი.
– სტუდენტობის წლებში შენი მინიატურები „ლიტერატურულ საქართველოში “ გამოქვეყნდა. რა თემებზე წერდი და თუ განაგრძე მერე პროზაში მუშაობა?
– ვერ ვიფიქრებდი, რომ დაიბეჭდებოდა. ბატონ თამაზ წივწივაძეს ჩემი ნაწერები რომ მოეწონა და დაბეჭდა, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და არის. ჩემი მინიატურები, ძირითადად, ეთნოგრაფიული ხასიათის გახლდათ. საკუთარ თავზე საუბარი უხერხულია, მაგრამ რადგან ვსაუბრობთ, ვიტყვი, რომ არაჩვეულებრივი ქართულის მასწავლებლები მყავდა: ლუხუმ (ოქრო) მათურელი, ზინა ლევერაშვილი და იზა დოლიაშვილი.
სწორედ მათი დამსახურებით გავიმარჯვე რეგიონულ და რესპუბლიკურ ოლიმპიადებში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში. თიანეთი, პედაგოგების მხრივ, დღესაც გამორჩეულია. პროზაში მუშაობა განვაგრძე. გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ გამოაქვეყნა ჩემი ნოველა „სამგლე“. მაქვს სხვა მინიატურები და ჩანაწერები და იმედი მაქვს, რომ ოდესმე ერთ წიგნად გამოვცემ.
აქტიური ჟურნალისტი იყავი და სხვადასხვა დროს მუშაობდი პრესაში, ტელევიზიაში და რადიოში
– ჩემი აქტიური ჟურნალისტური საქმიანობა 90-იანი წლების ბოლოს დაემთხვა. მაშინ სხვანაირად რთული დრო იყო. მიზერული ანაზღაურების ფასად მიწევდა მუშაობდა და ხშირად იმ მიზერულ ჰონორარსაც გვიან ან სულ ვერ ვიღებდი. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტიკა ჩემს ნომერ პირველ პროფესიად მიმაჩნია, პროფესიად, რომელმაც მასწავლა კომუნიკაცია, პრობლემის გააზრება, გამოსავლის ძიება. გამაცნო დიდებული ადამიანები, როგორებიც იყვნენ: ვახუშტი კოტეტიშვილი, ვახტანგ ბოჭორიშვილი, მარიამ ლორთქიფანიძე, თამილა მაკარიძე და სხვები. მახსოვს, როგორ ვიყიდე ჩემი პირველი ჰონორარით პატარა რადიო ახალი ამბების მოსასმენად.
ტელევიზიაში ჩემი მუშაობა ჟურნალისტ ლუბა ელიაშვილის დამსახურებაა. მან ყოველგვარი შუამავლობის გარეშე მიმიღო, მიუხედავად იმისა, რომ საეთერო მეტყველება არ მქონდა წესრიგში. როდესაც მეტ-ნაკლებად სატელევიზიო ჟურნალისტად ჩამოვყალიბდი, ტელეკომპანია „იბერიას”, სადაც ვმუშაობდი, ცეცხლი გაუხსნეს და იძულებული გავხდით, მაუწყებლობა შეგვეჩერებინა. მანამდე კი, 2004 წლის 28 თებერვალს, მაშინდელი ჟურნალისტთა ფედერაციის შენობაში მოხდა ჩემზე და ოპერატორზე თავდასხმა.

ტარიელ ხარხელაურთან ერთად

მიზეზი ის იყო, რომ ვაშუქებდი „პირველი არხის” ჟურნალისტების საპროტესტო აქციას, რომლებიც იმის გამო ჩიოდნენ, რომ იმჟამინდელმა დირექტორმა, ზაზა შენგელიამ სამსახურიდან უცერემონიოდ გაათავისუფლა.
მაშინ ფედერაციის ხელმძღვანელი აკაკი სიხარულიძე იყო. მეც ამ ფედერაციის წევრი გახლდით და სხვათა შორის, „ფედერაციიდან“ ისიც არავინ იკითხა, როგორი იყო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სხვა ჟურნალისტების უფლებების დასაცავად მისული, თავად სრულიად დაუცველი აღმოვჩნდი, მათ შორის ე.წ. ჟურნალისტთა „პროფკავშირიდანაც“ კი. რომელ უფლების დაცვაზე იყო საუბარი, თავად „ფედერაციის“ შენობაში იმის გამო დაგესხმიან თავს, რომ საპროტესტო აქცია არ გააშუქო.
მაშინ მივხვდი, ზოგჯერ რა სასტიკია ჩვენი რეალობა და ქართველი ქართველს არცთუ იშვიათად, როგორ უსაფუძვლოდ ერჩის. აღნიშნული ფაქტი ცხონებულმა ზურაბ ჟვანიამ გააპროტესტა, რის გამოც მადლობელი ვარ. ტელეკომპანია „იბერიაში“ ლიტერატურულ ღონისძიებებს ხშირად ვაშუქებდი. მაშინ გავიცანი…. ბატონი როსტომ ჩხეიძე და შენც, სხვათა შორის! ძალიან კარგი გადაცემა გქონდა, თამარ, მეამაყება, რომ „იბერიელი“ ვარ… „იბერიის“ დახურვის შემდეგ, 2005 წელს „დავუბრუნდი“ ჩემს ძირითად პროფესიას, – სამართალს, რომელიც არანაკლებ საინტერესოა.
დილის გაზეთშიწერდი ფშაველ სახალხო მთქმელზე, ივლიტა შავერდაშვილზე, რომელიც პაპის დადნაფიცი იყო.  წიგნისთვისაც აგროვებდი მასალებს
„დილის გაზეთის“ პერიოდი ერთგვარი „ოქროს ხანაა“  ჩემს ჟურნალისტურ ცხოვრებაში, თუმცა მანამდე იყო ძალიან კარგი გაზეთი „არაგველები“, რომლის რედაქტორი მანანა ჯარიაშვილი გახლდათ.
„სახალხო მთქმელს“ უწოდებდნენ, მაგრამ ვფიქრობ, ისინი პოეტები იყვნენ. სათქმელს თავისებურად ამბობდნენ. თიანეთს არაერთი სახალხო მთქმელი ჰყავდა. ივლიტა შავერდაშვილი კი ჩემი პაპის, ზაქარია ცალუღელაშვილის თანაკლასელი და დადშეფიცული იყო. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, მახსოვს, მე და პაპა გზას ძლივს მივიკვლევდით მთიან სოფელ ვერხველში. ივლიტას ქვითკირის სახლიდან ძაღლები ყეფით გამოცვივდნენ და მერე თავადაც გამოჩნდა…
ივლიტა იყო მთის სამკაული. რაღაცნაირად მშვენიერი და მისტიკური. მასალები შევაგროვე და გამომცემლობა „სეზანმა“ დასტამბა ძალიან საინტერესო წიგნი „ლექსად მოსული სიცოცხლე“, რომელიც ამ დიდებული პოეტი ქალის ცხოვრებას და მოღვაწეობას აერთიანებს. წიგნის გამოცემა თავად ივლიტა შავერდაშვილის ანდერძი გახლდათ და ვფიქრობ, რომ ეს წიგნი ყველას ოჯახში უნდა იყოს, ვისაც ოდნავ მაინც უყვარს მთა. თიანელებმა ხომ მითუმეტეს, უნდა მოიკითხონ ეს წიგნი.
– სად შეიძლება წიგნის შეძენა?
– როგორც ვიცი, ხელმისაწვდომია მაღაზია „პარნასში“ და მაღაზიაში „წიგნის სახლი ბახტრიონზე“. წიგნის გამოცემის იდეა ეკუთვნის წარსულში „დილის გაზეთის“ რედაქტორს, ქალბატონ მანანა კარტოზიას.
ლიცენზირებული ადვოკატი ხარ საერთო სპეციალიზაციით. რატომ მოგწონს ადვოკატობა? რატომ გადაინაცვლე ჟურნალისტიკიდან ადვოკატობაში?
ადვოკატის და ჟურნალისტის პროფესიები ერთმანეთთან გარკვეულწილად, თანხვედრაშია. ჟურნალისტიკას საბოლოოდ დავემშვიდობეო, ვერ ვიტყვი. მეამაყება ყოველი ჩემი, როგორც უფლებადამცველის წარმატება. ადვოკატის პროფესია უსამართლობით გაჯერებულ რეალობაში ადამიანის უფლებების დაცვის საშუალებას მაძლევს და ჟურნალისტიკაც ხომ სამოქალაქო, დემოკრატიული, სამართლიანი საზოგადოების იდეას ემსახურება.
შენს შემოქმედებას ხშირად აქვეყნებ ფეისბუქის გვერდზე. კარანტინმა როგორ იმოქმედა შენზე, როგორც ხელოვანზე? უფრო ბევრი დაწერე და დახატე თუ პირიქით?

„ვაჟა-გშაველა“

– წერაც და ხატვაც ჩემთვის ემოციებთან არის ასოცირებული. განცდებს კი, რაც დასაწერად ან დასახატად მიბიძგებს, ჩარჩო და განსაზღვრული დრო არ გააჩნია.
ხშირად ღამის სამ საათზე გამღვიძებია და დამიწერია ან კონტურები მომიხაზავს. ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა, რომ განსაკუთრებული მხატვარი ან მწერალი ვარ, არ მაქვს, მაგრამ ვცდილობ, ჩემი სათქმელი ვთქვა. ე.წ. კარანტინის პერიოდში ვხატავ სურათს ვაჟა-ფშაველას ლექსის – „იას უთხარით ტურფასა“- გავლენით. თითქმის დავასრულე პატარა ნახატი „კაცხის მონასტრის ბერები“, თუმცა ყოველ ნახატზე მაინც მრჩება განცდა, რომ დასასრულებელია.
ჰობი
– ჩავთვალოთ რომ ჩემი ჰობი ხატვაა, თუმცა ბოლო დროს მებაღეობა ამოვიჩემე. თუ დრო გამოვნახე, თიხის ხელნაკეთ ნივთებსაც ვაკეთებ.
ერთი ლექსი
წაგიკითხავთ ლექსს, რომელიც ბზობას დავწერე და ჩვენს თავგანწირულ ექიმებს, ექთნებსა და პაციენტებს მივუძღვენი.

* * *
ბზობა თენდება,
ფანჯრის მინაზე მთვარე ხატავს
აბსტრაქტულ გულებს…
დავირუსებულ დედამიწას მოურიდებლად,
ცხელ შუბლზე ჰკოცნის.
და ეს ამბორი იუდასას
არაფრით არ ჰგავს.
ექიმს და ექთანს,
დაქანცულთ და რულმორეულთ,
ბზობის მთვარე ჩანაცვლებია.
და ვიდრე ბნელი ნათელს სნეულ
ფილტვებს უკორტნის,
ვიდრე ამ ღამის ნაღვერდალი ჩანავლებულა,
მუხლმოდრეკილი და მლოცველი თეთრი მნათობი
გეთსამანიას მყოფ მაცხოვარს დამსგავსებია.
ბზობა თენდება.
უპირბადეო მთვარე ხატავს
აბსტრაქტულ გულებს,
სიყვარულის და იმედის ნიშნად…
დასნეულებულ დედამიწას,
მოურიდებლად,
ცხელ შუბლზე ჰკოცნის.
კრებულის გამოცემას აპირებ. რაზე მუშაობ კიდევ?
– კრებულის გამოცემის სურვილი ნამდვილად მაქვს და ვცდილობ, საამისოდ საჭირო რესურსის მობილიზებას.
სამწუხაროა, რომ არაერთი კარგი შემოქმედი უსახსრობის გამო ვერ ახერხებს წიგნის გამოცემას. ამ მხრივ, როგორ უნდა ინატროს კაცმა, მაგრამ საბჭოთა პერიოდი უკეთესი იყო. შემოქმედ ადამიანებს მეტი ზრუნავა და დაფასება ჰქონდათ. ვფიქრობ, გარკვეული ფონდი უნდა არსებობდეს თუნდაც ქვეყნებს შორის ლიტერატურული ურთიერთობის განვითარებისთვის. მაგალითად, აქტიური მეგობრული ურთიერთობები მაქვს სომეხ მწერლებთან. არცთუ დიდი ხნის წინ მწერალ ანუშ სარგისიანის მიერ სომხურ ენაზე ითარგმნა და სომხეთის მწერალთა კავშირის ოფიციალურ გამოცემა „გრაკანში“ გამოქვეყნდა ჩემი ლექსები.
მეც ვთარგმნე ანუშ სარგისიანის ნოველა „კაენი“, მაგრამ იმდენად უჭირს ჩვენთან ლიტერატურულ პერიოდიკას, რომ ვფიქრობ, სად გამოვაქვეყნო. უწინ ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები უფრო მეტი იყო, მაგრამ უსახსრობის გამო დაიხურა.
როგორ გაამხნევებდი ადამიანებს?
– მინდა ყველას ვუსურვო, რომ ყოველი მომდევნო დღე მათ ცხოვრებაში უკეთესი იყოს და თავადაც უკეთესები გავხდეთ. დიდი რეჟისორი, კოტე მარჯანიშვილი წერდა: ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა – მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა. თუ ჩვენ ერთმანეთი მეტად გვეყვარება, ერთმანეთს გავამხნევებთ და სიხარულის მიზეზი გავხდებით, სამყარო აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისაკენ.

თამარ შაიშმელაშვილი

 


კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები