დავით ჩიხელიძე ოპოზიციაზე: ისინი ცდილობდნენ, 8 მარტს მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისთვის არასწორი ინტერპრეტაციით მიეწოდებინათ
„გერმანიის ელჩის ცივი შხაპი ოპოზიციას”, – ასე ეხმიანება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე გერმანიის ელჩის მიერ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შემდგარ ე.წ. 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომ კონკრეტულ გვარებზე საუბარი არ ყოფილა.
მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, საკუთარი ამომრჩეველი გამოგონილ სამყაროში აცხოვროს.
„ჩვენ ყველას გვახსოვს ოპოზიციის ხმამაღალი განცხადებები. ისინი ცდილობდნენ, 8 მარტს მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისთვის არასწორი ინტერპრეტაციით მიეწოდებინათ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს შეთანხმების ტექსტი, ოპოზიცია ცდილობს, საკუთარი ამომრჩეველი გამოგონილ სამყაროში აცხოვროს.
აქვე მინდა, ოპოზიციის წარმომადგენლის რამდენიმე ფრაზა წარმოგიდგინოთ:
გრიგოლ ვაშაძე 09.03.2020 – საუბარი იყო კონკრეტულ გვარებზე, ვინც საპატიმრო უნდა დატოვოს.
დავით ბაქრაძე: 11.05.2020 – გვარებზეც იყო საუბარი და იმაზეც, როგორ უნდა მომხდარიყო რეაგირება.
ბოლოს კი ჩემი ფავორიტი განცხადება. რომან გოცირიძე: 10.03.2020 – პოლიტპატიმრებზე იყო საუბარი, მათ შორის, კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე ელჩებმა თქვან მაინცდამაინც?
ასრულდა თქვენი ოცნება, ბატონო რომან და გერმანიის ელჩმა, ბატონმა ჰუბერტ კნირშმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ შეხვედრაზე კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არ ყოფილა, შესაბამისად, აპელირება იმის შესახებ, რომ შეთანხმება კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით მოხდა, არის სრული აბსურდი!
საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა სახედაკარგული ოპოზიცია, რომელიც იმდენად გაწაფულია ტყუილში, რომ მტკიცებით ფორმაში შეუძლია, შავზე თეთრი თქვას, ოპოზიცია საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას კვლავ ურცხვად აგრძელებს”, – განაცხადა დავით ჩიხელიძემ.