შეიცვლება თუ არა საარჩევნო სისტემა და ჩატარდება თუ არა არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს – ლადო ბოჟაძის განმარტება
შეიცვლება თუ არა საარჩევნო სისტემა და ჩატარდება თუ არა არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს – ამ საკითხზე განმარტებას საარჩევნო საკითხების სპეციალისტი, “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, ლადო ბოჟაძე აკეთებს.
გთავაზობთ ლადო ბოჟაძის განმარტებას:
საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით: „პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს; ანუ მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს 2020 წლის 31 ოქტომბერს. თუმცა ამ ვადაში არჩევნების ჩატარებას შესაძლოა, მსოფლიოსა და საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლამ შეუშალოს ხელი, მით უფრო, რომ 21 თებერვლიდან 30 აპრილამდე 52 სახელმწიფომ დადგენილ ვადებში ვერ ჩაატარა და გადადო არჩევნების/რეფერენდუმის თარიღი. არჩვნების ვადასთან ერთად, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა სისტემით ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და მოესწრება თუ არა 2020 წლის 8 მარტის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით მიღწეული ისტორიული შეთანხმების, ახალი საარჩევნო სისტემის (120 პროპორციული წესით და 30 მაჟორიტარული წესით პარლამენტის არჩევა) კონსტიტუციაში და კანონმდებლობაში ასახვა.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 მარტიდან მოქმედებს და 22 მაისამდე გაგრძელდება. არსებობს თუ არა საფრთხე, საგანგებო მდგომარეობის გამო პრობლემები შეექმნას, ერთი მხრივ, არჩევნების ჩატარების თარიღს, ანუ ხომ არ გადაიწევს არჩევნები და, მეორე მხრივ, მოესწრება თუ არა დარჩენილ დროში საკანსტიტუციო ცვლილებების მიღება?
არჩევნების თარიღი: საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით: საომარი ან საგანგებო მდგომარების დროს საყოვეთაო არჩევნები არ ტარდება, შესაბამისად, თუ საგანგებო მდგომარეობა არ გაგრძელდება 2020 წლის 31 ოქტომბერზე უფრო ხანგრძლივი დროით (რისი არანაირი პირობა და აუცილებლობა არ არსებობს), პარლამენტის არჩევნები ჩატარდება დადგენილ ვადაში, 2020 წლის 31 ოქტომბერს.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 108-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით: არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა (2020 წლის 1 -ელი სექტემბერი). ასევე, საარჩევნო კოდექსის 108-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით: თუ არჩევნების ვადა ემთხვევა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუგვიანეს 60 დღისა. შესაბამისად, თუ საგანგებო მდგომარეობა არ გაგრძელდება 2020 წლის 1 -ელ სექტემბერზე უფრო ხანგრძილივი ვადით (რისი არანაირი პირობა და აუცილებლობა არ არსებობს), პარლამენტის არჩევნები ჩატარდება დადგენილ ვადაში, 2020 წლის 31 ოქტომბერს.
საარჩევნო სისტემა: საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის წესი, პროცედურები და ვადები თავად კონსტიტუციასა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშია გაწერილი.
საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: კონსტიტუცია გადაისინჯება კონსტიტუციური კანონით, რომლის პროექტის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს ან არანაკლებ 200000 ამომრჩეველს. 2020 წლის 11 მარტის საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი იქნა (№07-3/443, 11.03.2020) „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.
საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის მე-2 პუქნქტის მიხედვით: კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ. 2020 წლის 17 მარტს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გამოქვეყნდა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი და შეიქმნა საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 9 წევრის შემადგენლობით. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 1 თვის ვადაში განიხილავს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებულ მასალებს. აღნიშნული 1-თვიანი ვადის ათვლა 2020 წლის 17 მარტიდან დაიწყო, თუმცა, საგაგნგებო მდგომარების გამოცხადების გამო, პროცესი დროებით შეჩერებულია, განხილვების გაგრძელება შესაძლებელი გახდება მხოლოდ 22 მაისიდან და, სავარაუდოდ, კონსტიტუციური კანონის ცვლილებების განხილვა ონლაინრეჟიმში განხორციელდება. 17 ივნისს განხივლები დასრულდება და პროცესი საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით შესაძლებელია, კანონპროექტის განხილვა პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში დაჩქარებული წესით განხორციელდეს და პლენარულ სხდომაზე კენჭიყრის გამართვა საგასაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოესწროს, რომელიც 2020 წლის 26 ივნისს უნდა დაიხუროს. სამი მოსმენით გადაწყვეტილების მიღებას შესაძლოა, დაჭირდეს რიგგარეშე სესიის ჩატარება, რომელიც მოწვევაც სესიებს შორის პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის, ან საქართველოს მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში ხორციელდება. კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი. საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეოთხედის, ანუ მინიმუმ 113 ხმის მოგროვება შეუძლებელი იქნება საპარლამენტო ოპოზიციის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“ და დამოუკიდებელი დეპუტატები) მხარდაჭერის გარეშე, რადგან, დღეის მდგომარებით, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ აღარ გააჩნია საკონსტიტუციო უმრავლესობა. პარლამეტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კანონი (სავარაუდო მაქსიმალური თარიღი 2020 წლის 10 ივლისი) 3 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, აქაც შესაძლებელია მინიმალური ვადის 1 დღის გამოყენება, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას, ამ შემთხვევაშიც პრეზიდენტის მიერ ხელმოსაწერად შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს 1-დღიანი მინიმალური ვადა და შემდეგ მოხდეს მისი გამოქვეყნება (2020 წლის 15 ივლისი).
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი უმოკლესი ვადების გამოყენებით განხორციელდეს საქართველოს კონსტიტუციაში და საქართველოს საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი დაგეგმილი, პოლიტიკურ სპექტრთან, სამოქალაქო სექტორთან, შეთანხმებული ცვლილებების მიღება 2020 წლის 15 ივლისამდე. ასევე, არავითარი ხელის შემშლელი წინაპირობა არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნების თარიღი გამოცხადდეს 2020 წლის 1-ელ სექტემბერს, 60 დღით ადრე კენჭისყრის დღემდე და არჩევნები გაიმართოს 2020 წლის 31 ოქტომბერს.