“ჩვენი პარტია სრულ მზადყოფნაშია, რომ ყველა იმ შეთანხმების აღსრულება მოხდეს, რომელიც იყო 8 მარტის ხელშეკრულებაში, ეს არის საჯარო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის ცვლილება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები ნახსენები არ ყოფილა.
„ჩვენი პარტია არის სრულ მზადყოფნაში, რომ ყველა იმ შეთანხმების აღსრულება მოხდეს, რომელიც იყო 8 მარტის ხელშეკრულებაში, ეს არის საჯარო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის ცვლილება და უკლებლივ ჩვენი გუნდის თითოეული წარმომადგენელი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც იყო ამ შეთანხმებაში. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ცვლილებებს იმიტომ, რომ არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც იქნა მიღწეული ელჩების ფასილიტაციისა და ელჩების ჩართულობით. შესაბამისად, თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პასუხისმგებლობა და მგონი, ადამიანები კარგად გააკეთებენ ანალიზს, თუ რატომ უნდა ოპოზიციას ამის ჩავარდნა და რატომ უნდა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება არ და ვერ განხორციელდეს. ყველა ხვდება მათ დღევანდელი მდგომარეობას, სად იმყოფებიან ისინი და, რა თქმა უნდა, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ რადიკალურები იყვნენ.
8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები ნახსენები არ ყოფილა და ეს ტექსტშიც არის ასახული. “პოლიტიკური პატიმრების” კარგი განმარტება გააკეთა გუშინ გერმანიის ელჩმა და ამით იხელმძღვანელეთ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ეს წაიკითხოს და მოისმინოს, ასევე, ის განცხადებები, რას ამბობდნენ ჩვენი თანაგუნდელები შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგ და რა განცხადებებს აკეთებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. შესაბამისად, ეს შეთანხმება ბუნებაში არ ყოფილა. ვერ იქნებოდა. შეთანხმება ხომ ის არის, როდესაც ადამიანები რაღაცაზე თანხმდებიან, ის უნდა იყოს შესრულებადი როგორც ერთი, ასევე, მეორე მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ ვერ ავიღებდით ისეთ პასუხისმგებლობას, რისი კომპეტენციაც ჩვენ არ გვქონდა“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით – პოლიტიკური პატიმარი არ ნიშნავს იმ სიტუაციას, როდესაც პოლიტიკოსი ციხეში აღმოჩნდება.