რამაზ საყვარელიძე: სავარაუდოა ასეთი სცენარი – ოპოზიციას არ უნდა არჩევნებში მონაწილეობა, მათ არჩევნების ბოიკოტირება სურთ
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტამასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას საფრთხე ემუქრება. როგორც საყვარელიძემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, ეს ოპოზიციის ინტერესში შედის.
„საკოსტიტუციო ცვლილებებს საფრთხე ემუქრება, რა თქმა უნდა. შეიძლება, მოქმედების უფრო ფართე არეალიც აღმოაჩნდეს ამ საფრთხეს და რატომ: ოპოზიცია დაბეჯითებით ითხოვდა ცვლილებებს კონსტიტუციაში, მაჟორიტარების რაოდენობის შემცირებას, რადგან მიაჩნდა, რომ პროპორციული სისტემა მათ უფრო მომგებიან მდგომარეობაში ჩააყენებდა. სწორი იყო თუ არა ეს გათვლა, ეს სხვა თემაა. კორონავირუსმა გამოავლინა, რომ ხელისუფლებას კარგად შეუძლია მუშაობა, არადა, ოპოზიციის მთელი პიარაქტივობა საკუთარ რაიმე შეთავაზებაზე კი არა, არამედ ხელისუფლების დისკრედიტაციაზე იყო აგებული. უცბად დისკრედიტაციისთვის განწირული ხელისუფლება ევროპის ლამის ყველა ქვეყანასთან შედარებით შედეგიანი, ეფექტიანი აღმოჩნდა. ამ მდგომარეობამ ოპოზიციას სირთულეები შეუქმნა.
პედალირება იმაზე, რომ ხელისუფლება უნიათოა, აღარ გამოდის, დამაჯერებელი არ იქნება. შესაბამისად, ოპოზიციამ რაღაც სხვა სტრატეგია უნდა აირჩიოს. სავარაუდოა ასეთი სცენარი: მათ არ უნდათ არჩევნებში მონაწილეობა, პოლიტიკური მიზეზით სურთ, რომ თავისი მხრიდან არჩევნების ბოიკოტირება მოამზადონ. თუ არჩევნები ბოიკოტირებული იქნება და მხოლოდ „ქართული ოცნება“ იქნება წარმოდგენილი, მერე დაიწყებენ პედალირებას იმისა, რომ ეს არჩევნები არაა ლეგიტიმური, რადგან ერთი პარტია მონაწილეობს. ამ პედალირებაში ვარაუდობენ, რომ მათ მხარს დაუჭერს დასავლეთის ის წრეები, რომლებიც ახლაც უჭერენ მხარს, გამოუშვით პატიმრები იმიტომ, რომ ისინი პოლიტპატიმრები არიანო. ამ სცენარში ლოგიკური ისაა, რომ ოპოზიციისთვის სასარგებლო ეს ვარიანტი უფროა, დელეგიტიმაცია მოახდინონ და ხელისუფლებას სირთულეები გაუჩინონ ამით, ვიდრე ის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და, ჯამურად, შეიძლება, 10 % აიღონ. ოპოზიციას იქით მიჰყავს პროცესი, რომ შემდეგ არჩევნების შედეგების დისკრედიტაცია მოახდინონ“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „კვირასთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ უცხოელ პარტნიორებთან ცხადი უნდა გახადოს ის, თუ რისკენ მიდის პროცესი.
„ხელისუფლება ადრეც უნდა მოქცეულიყო ცოტა სხვანაირად. კერძოდ, მას უცხოეთთან მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონდა, რადგან ლეგიტიმაციის საკითხი, ფაქტობრივად, უცხოეთის მხრიდან ლეგიტიმაციას, ანუ მიღებული შედეგების უცხოეთის მხრიდან აღიარებას გულისხმობს. დაგვიანებული არც ახლაა. ალბათ, ხელისუფლებამ უცხოელ პარტნიორებთან, მეგობარ ქვეყნებთან ცხადი უნდა გახადოს რისკენ მიდის პროცესი, რას ნიშნავს პოლიტიკური პატიმრების ტერმინი და, მით უმეტეს, მათი გათავისუფლების მოთხოვნა, რომ ეს სწორედ პოლიტიკური ჩარევის ნიშანია. დავუშვათ, ეს ადამიანები გაათავისუფლა ხელისუფლებამ, მერე ხომ ცხადი იქნება, რომ ესენი პოლიტიკური პატიმრები იყვნენ. ეს მერე ოპოზიციის დროშა და დასავლეთის საკრიტიკო გახდება. ასე რომ, ამ მიმართულებით პროცესის წაყვანა კიდევ უარეს ჩიხში შესვლას გულისხმობს. თუ დასავლეთი საქართველოს არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, გამოვა, რომ დასავლეთს გაწყვეტილი აქვს საქართევლოსთან კავშირი. რუსეთს ეს უნდა. დღეს ოპოზიციის მოქმედება რუსეთის ამ მიზანს ემსახურება. თუ ოპოზიციის მოქმედებას დასავლეთის ქვეყნები მხარს აუწყობენ, ისინიც ამ მიზნას მოემსახურებიან, რომ საქართველო ოკუპანტის წინაშე პირისპირ დატოვონ. ეს აზრი მისატანია დასავლეთთან, რომელსაც შეიძლება, არ სცალია ამ პოლიტიკურ სიღრმეებზე საფიქრალად“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებენ, რომ თუ პოლიტიკური პატიმრები არ გათავისუფლდებიან, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში პატიმრების გათავისუფლების საკითხი არ დამდგარა.
“ნაციონალური მოძრაობა“, მისი დანაყოფები და პრორუსული სატელიტები შეთანხმებაზე მითითებით, საჯაროდ ითხოვენ, მმართველმა პარტიამ, სამ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს: პრეზიდენტს, სასამართლოსა და პროკურატურას მისცეს დავალება, პატიმრობიდან გაათავისუფლოს მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული და ბრალდებული სამი პირი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
თამუნა შეყილაძე