„პატარა ქვეყნის დიდი ძალისხმევა: როგორ გახდა საქართველო სამაგალითო COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“ – ავსტრიის პრესის სააგენტო (APA) საქართველოზე

„პატარა ქვეყნის დიდი ძალისხმევა: როგორ გახდა საქართველო სამაგალითო COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – ამ სათაურით აქვეყნებს ავსტრიის პრესის სააგენტო (APA) სტატიას, სადაც ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუზე დაყრდნობით დეტალურადაა განხილული ის ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანამ პანდემიის შეჩერების მიზნით გადადგა.
ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველომ არა მხოლოდ დროულად გაითვალისწინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, არამედ ვირუსთან ბრძოლის საკუთარი სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გავრცელების შესამცირებლად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
„იანვრის დასაწყისშივე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები შესაძლო ეპიდემიის შეჩერებისა და მართვის მიზნით. აეროპორტებსა და სახმელეთო საზღვრებზე დაიწყო საინფორმაციო კამპანია. მგზავრები ქვეყანაში შემოსვლისთანავე იღებდნენ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში. მალევე, საზღვრებზე დაიწყო თერმული სკრინინგიც. გარდა ამისა, რისკის ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები, დაკვირვების მიზნით, პირდაპირ საკარანტინე ზონებში გადაჰყავდათ”, – აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ საქართველომ ვირუსთან ბრძოლის მიზნით ყველა საჭირო რესურსი გამოიყენა და დამატებით, COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური აპლიკაცია Stop COVID დანერგა, რომელიც მოსახლეობისთვის ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება.
„ჯერ არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ ახალი კორონავირუსი საქართველოში ან სხვა ქვეყნებში სრულად გაქრება. ამიტომ მნიშვნელოვანია, თითოეულმა სახელმწიფომ და მოქალაქემ ვისწავლოთ ამ ვირუსთან თანაცხოვრება, რათა ეს პროცესი ვაქცინის და უფრო ეფექტური მკურნალობის დანერგვამდე სწორად მართული და უსაფრთხო იყოს“, – აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე გამოცემასთან.
სტატიის დასასრულ, ნათქვამია – „სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყანად წარმოაჩენს, რამაც თვალსაჩინო გახადა, რომ კრიზისულ ვითარებაში არა მხოლოდ ქვეყნის რესურსია მნიშვნელოვანი, არამედ მისი ეფექტური და დროული მენეჯმენტი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები