ლევან დავითაშვილი: სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელებისთვის დიზელის საწვავის შეღავათიან ფასად შეძენის შესაძლებლობა მომავალ წლებშიც გაგრძელდება
„სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელებისთვის დიზელის საწვავის შეღავათიან ფასად შეძენის შესაძლებლობა არ არის მოკლევადიანი პროექტი და მხოლოდ ანტიკრიზისული გეგმის ნაწილი. ამ პროექტის ინიციატორი იყო საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია. ეს პროექტი მომავალ წლებშიც გაგრძელდება და მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ფერმერებისთვის“, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
“• დიზელის საწვავი შეღავათიან ფასად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელებს
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,25-დან 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირები, ახალი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, დიზელის საწვავს შეღავათიან ფასად იყიდიან.
პროექტის ფარგლებში, საწვავის ლიმიტი 1 ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობით განისაზღვრა. პროგრამის ბენეფიციარები აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავს, ბაზარზე არსებულთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად იყიდიან.
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რაც, თავის მხრივ, სასურსათე უზრუნველყოფასა და პროდუქციის თვითღირებულებაზე დადებითად აისახება.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.25 და მეტი ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელ ყველა ფიზიკურ და იურიდიული პირს. პროგრამით ისარგებლებს 200,000-მდე ფერმერი და ფერმერები დიზელის შეძენისთვის 40 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავენ. პროგრამის განხორციელება დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.