გიორგი გახარია: მიწის სისტემური რეგისტრაცია უდიდესი მნიშვნელობის ღონისძიებაა, რომლის წარმატებაშიც დარწმუნებულები ვართ

“მიწის სისტემური რეგისტრაცია არის უდიდესი მნიშვნელობის ღონისძიება, რომლის წარმატებაშიც ჩვენ დარწმუნებულები ვართ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერის თქმითვე, მიწის სისტემური რეგისტრაციისთვის დაფინანსება უკვე გამოყოფილია.

“მიწის სისტემური რეგისტრაციისთვის უკვე გამოყოფილია დაფინანსება, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში სამი წლის განმავლობში სრულად იქნება აღრიცხული და დარეგისტრირებული ნებისმიერი სახის მიწა. ყველაფერი, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, დახმარება ფერმერებისთვის, პირდაპირ არის დაკავშირებული დარეგისტრირებულ მიწასთან, მაგრამ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყანაში ფერმერების განვითარებას, ყველა ადამიანი, ვისაც შეიძლება, რაიმე მიზეზით დღეს მიწა არ აქვს დარეგისტრირებული, წლის ბოლომდე, რომელიც მოახერხებს მიწის რეგისტრაციას, ეს შეღავათები და ეს დახმარება მათაც შეეხებათ. ეს ნიშნავს, რომ ამ პროგრამის გარკვეული ნაწილი მომავალი წლის რაღაც პერიოდსაც მოიცავს. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს, ვეხმარებით სოფელს, ეს არის ზრუნვა არა მხოლოდ სოფელში მცხოვრებ ადამიანზე, არამედ ეს არის ზრუნვა თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, ეს არის ზრუნვა ქვეყნის აგრო-სასურსათო უსაფრთხოებაზე. გარდა ამისა, მინდა, თითოეულ ფერმერს მოვუწოდო, ყველა ის მიწა, რომელიც მათ აქვთ სარგებლობაში და შეუძლიათ, რომ იყოს რეგისტრირებული, რაც შეიძლება, სწრაფად დაარეგისტრირონ, რათა გახდნენ ბენეფიციარები ყველა იმ პროგრამისა, რომელსაც დღეს სახელმწიფო ახორციელებს მათ სასარგებლოდ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები