დუშეთის აგრარული ბაზარი გაიხსნა
ქალაქ დუშეთში მდებარე აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა. სავაჭრო დაწესებულებაში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები სრულადაა დაცული.
როგორც “რეგიონულ კვირას” დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ბაზარში არსებულ სიტუაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი – ზურაბ სეხნიაშვილი, მერის მოადგილე – ზაქარია ხეხელაშვილი და მერის წარმომადგენელი – შალვა ინაშვილი, რაიონული პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, გაეცნენ.
“მონიტორინგის მიზნით, მათ ადგილზე დაათვალიერეს, თუ რამდენად მომზადებული ხვდება ბაზარი ფერმერებსა და მომხმარებლებს. ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია, COVID 19-ით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, უზრუნველყოს მომხმარებელთა ნაკადის დაცვა, რისთვისაც სავაჭრო ობიექტის შესასვლელი და გასასვლელი შესაბამისი ნიშნების მითითებით გაიმიჯნა. ასევე, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიის დეზინფექცია ხორციელდება ინტენსიურად, ხოლო ბაზრის ფუნქციონირების განახლების შემდეგ, ტერიტორიაზე მყიდველები პირბადისა და ერთჯერადი ხელთათმანის გარეშე არ დაიშვებიან. დადგენილი წესების დაცვა მკაცრად კონტროლდება ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრისა და შპს “დუშეთის დეზინფექციის სამსახურის” მიერ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, საქართველოში ღია ტიპის აგრარულ ბაზრებს სამუშაოს განახლების უფლება მიეცათ, თუმცა, მათი ოპერირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა სავალდებულოა.