კორონავირუსი, „ქართველები ბურგოსში“ და ესპანეთში სიკეთით გაცოცხლებული საქართველო…

„ბურგოსელი ქართველების თანადგომა თვალსაჩინო იყო და, ვფიქრობ, ამას აუცილებლად კარგი შეფასება მიეცემა.
მხარდაჭერის აქციით, ბურგოსელებმა ჩავრიცხეთ თანხა კრიზისის ჯგუფში, რომელსაც ჩვენი საყვარელი მამა ლუკა ხელმძღვანელობდა ბარსელონაში
“…

12 წელია, ესპანეთის ქალაქ ბურგოსში ცხოვრობ, ქართულესპანური ასოციაციის ქართველები ბურგოსშიპრეზიდენტი და დამფუძნებელი.
კარანტინის გამოცხადების პირველივე დღეს ესპანეთის ქართველობა გაერთიანდა ინტერნეტჯგუფში – „ძალა ერთობაშია“. 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა ყველა და ურთიერთთანადგომით მრავალი კარგი საქმე გაკეთდა. ამბობს, რომ  აქ საქართველო გაცოცხლდასიკეთის და სიყვარულის საქართველო.
პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი,  საქართველოში მუშაობდ ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტსა და ფილიპე გოგიჩაიშვილის ეკონომიკურ ინსტიტუტში პროფესორად.
კითხულობდ ქვეყანათმცოდნეობას და მსოფლიო ისტორიას. ამბობს, რომ ბედნიერი დედა და მეუღლეა და არც არაფერს შეცვლიდ ერთის გარდა  – იცხოვრო თავის სამშობლოში. – თეა კუბლაშვილის პერსონა.

 –  12  წელია, ცხოვრობ ესპანეთის ქალაქ ბურგოსში ოჯახით, პრეზიდენტი და დამფუძნებელი ხართ ქართულესპანური ასოციაციის ქართველები ბურგოსში“. როგორ დაარსდა თქვენი ასოციაცია?
– ესპანეთში ჩამოვედი 2008 წლის 8 აგვისტოს, იმ ავბედითი ომის დღეს, როდესაც ჩემს სამშობლოს ცრემლი სცვიოდა. თურქეთის აეროპორტში შევიტყვეთ ეს ამბავი და თავზარდაცემულებმა შემოვაბიჯეთ ესპანეთის მიწაზე. ჩემი მშობლები აქ ცხოვრობენ უკვე 23 წელია და შეიძლება ითქვას, მე არ ვყოფილვარ ემიგრანტი უცხო ქვეყანაში, დაგვხვდა ოჯახი, სითბო და სიკეთე. გამოგიტყდებით და, მიუხედავად ყველაფრისა, რთული დღეები გავიარეთ. ერთი შვილი საქართველოში გვყავდა დატოვებული და მეორე –  ჩვენთან.
ერთი თვის მანძილზე ყოველ ღამე ვაწყობდი გეგმას, როგორ დავბრუნებულიყავი საქართველოში, მაგრამ ოქტომბრის თვემდე არ გაიხსნა არცერთი ფრენა და ჩვენი პატარა, სექტემბერში, ბურგოსში შევიყვანეთ სკოლაში. ასე დაიწყო ჩემი ემიგრანტული ცხოვრება და ბრძოლა დამკვიდრებისთვის აქ… უცხო მიწაზე.
ეს უცნაური განცდაა… ხარ სამყაროში სადაც შენთვის ახლობელი არაფერი არის, გაქვს არასრულფასოვნების კომპლექსი, ენას სწავლობ საკუთარ შვილთან ერთად და მასთან ერთად იწყებ პირველი სიტყვების წარმოთქმას. მახსოვს, როგორც კი შევძელი ესპანურად საუბარი, ჩემი პირველი თემა იყო – საქართველო. ყველას ჩემს ქვეყანაზე ვესაუბრებოდი დამტვრეული ესპანურით და ვუხსნიდი, თუ როგორი ძველი კულტურა და ისტორია გვქონდა.
ახლა, ამ გადმოსახედიდან, ვხვდები, როგორ ძალიან გამიმართლა, რადგან მოვხვდი საოცრად ინტელექტუალურ წრეში და მალე შევიძინე კარგი მეგობრები, რომელთა დახმარებით ბევრ კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი და მათ შორის ჩვენი ასოციაციის დაარსებას.
ასოციაციის სტატუსი თავად დავწერე და თავად გავიტანე განსახილველად. სულ ოთხი დამფუძნებელი ვიყავით –  ჩემი მეუღლე – თომა აბრამიძე, ჩემი და – მაია კუბლაშვილი, მისი მეუღლე – აკაკი გაბისონია და მე თქვენი მონა-მორჩილი.
ეს არის ქართულ-ესპანური ასოციაცია და ემსახურება კულტურის, შემოქმედების და სოციალური ურთიერთობების განვითარებას.
დავიწყეთ პროექტებზე მუშაობა და ჩვენი პირველი, წარმატებული არსებობის დეკლარაცია იყო ბურგოსის ფოლკლორის ფესტივალზე ანსამბლ „რუსთავის“ მოწვევა, ესპანეთში საქართველოს საელჩოსთან საუკეთესო კოლაბორაციით. მადლობას ვუხდი ჩვენს ყოფილ ელჩს,  ნიკოლოზ ნათბილაძეს და ეკა მდივანს, ჩვენი ერთობლივი წარმატებული პროექტისთვის. ასევე განვახორციელეთ კულტურის გაცვლის მიზნით საბალეტო სკოლების ურთიერთობების პროექტი, რომლის ფარგლებშიც 17 პატარა ბალერინა ჩამოვიდა ესპანურ ოჯახებში საცხოვრებლად და თანამედროვე საბალეტო აკადემიურ ცენტრში სასწავლებლად.
მჭიდრო კავშირი გვაქვს ბურგოსის კულტურის დეპარტამენტთან,  ჩვენი რეგიონის კულტურისა და სპორტის განვითარების ასოციაციებთან და ორგანიზაციებთან, სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით ვთანამშრომლობთ პროფკავშირებთან და სოციალური განვითარების ფონდთან, საქართველოს საელჩოსთან და საკონსულოსთან.
წელს დაგეგმილი იყო ფოლკლორის ფესტივალისთვის ქართული ანსამბლის მოწვევა, მაგრამ არ მოხერხდა პანდემიის გამოცხადების გამო.
– კორონავირუსს ყველგან მძიმე შედეგები მოჰყვა… ადამიანები უსამსახუროდ დარჩნენ. როგორ გადაიტანეთ ეს კრიზისი ბურგოსში მცხოვრებმა ქართველებმა?
– „კოვიდ 19“-ის კრიზისს უმძიმესი შედეგები მოჰყვა. ქვეყანა სრულად იყო პარალიზებული 50 დღის განმავლობაში, ძალიან რთული დღეები გავიარეთ. ვირუსის აფეთქება არ დაწყებულა მოულოდნელად, მაგრამ ესპანეთის მთავრობა მოუმზადებელი შეხვდა პანდემიას. კარანტინის გამოცხადების ბოლო დღემდე სრულდებოდა ფრენები ევროპის, აზიისა და ამერიკის ქვეყნებში.
აქაურ პრესაში გამოქვეყნებული მასალებით ირკვევა, რომ 24 იანვარს ესპანეთის მთავრობა გააფრთხილეს მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. მარტის თვის ჩათვლით  ნაციონალური სამედიცინო ორგანიზაციებისგან ასეთი სამი გაფრთხილება მიიღეს, სადაც გარკვევით ეწერა, რომ სავალალო შედეგები მოჰყვებოდა 8 მარტის მანიფესტაციის, ფეხბურთის მატჩებისა და სხვა ტიპის მიტინგების თუ თავშეყრის ორგანიზებას და ნების დართვას.
მოგეხსენებათ, რომ ესპანეთს მართავს სოციალისტების პროგრესული მთავრობა და მათი სიმპათია გარკვეული ფემენისტური ორგანიზაციების მიმართ  იმ დიდი ტრაგედიის მიზეზი გახდა, რომელიც 8 მარტის მულტიმილიონიან მანიფესტაციას მოჰყვა მადრიდში და შემდეგ – რეგიონებში.
13 მარტს დაიწყო ვირუსის შიდა გავრცელება, მადრიდში მანიფესტაციაზე დაინფიცირებული ადამიანები წავიდნენ რეგიონებში, ერთ კვირაში მივიღეთ კოლაფსირებული საავადმყოფოები და წინა ხაზზე ყოველგვარი დაცვის გარეშე მომუშავე მედპერსონალი. დაავადდა უამრავი ექიმი, ექთანი და საავადმყოფოებში მომუშავე ადამიანები.
სამედიცინო კრიზისმა გამოიწვია ის მაღალი სიკვდილიანობის კოეფიციენტი, რომელიც ევროპაში დაფიქსირდა, განსაკუთრებით იტალიასა და ესპანეთში ადამიანები იღუპებოდნენ კლინიკების დერეფანში  ისე, რომ ექიმი ვერც კი ასწრებდა პაციენტის ნახვას, მოხდა ზუსტად ის, რაც კატასტროფაა ეპიდემიის დროს – სამედიცინო კოლაფსი.
მთავრობის დაგვიანებული რეაქცია აღმოჩნდა უამრავი ადამიანის სიცოცხლის განაჩენი.
გვყავს მეგობრები, რომლებსაც გარდაეცვალათ  – ზოგს – დედა, ზოგს – მამა, არიან ოჯახები, სადაც ერთი თაობის ადამიანები აღარ დარჩნენ საგვარეულოში.
ჩვენ – ქართველებს, მუდმივი სატელეფონო კავშირი გვქონდა ერთმანეთთან. კარანტინის პირობებში რთულია კავშირი, ინტერნეტის და ტელეფონის ხაზები გადატვირთული და შეზღუდულია. ვცდილობდით, ჩატის საშუალებით გაგვეგო ერთმანეთის ამბები.
ბურგოსი პირველივე დღიდან ჩართული იყო სოლიდარობის აქტში. ეს იყო როგორც მატერიალური, ასევე სულიერი თანადგომა. მაგალითად: დაგვირეკეს მადრიდიდან და გვაცნობეს, რომ ახალგაზრდა სტუდენტი იყო ჩარჩენილი და შეფარებული ჰყავდა ვენესუელელ გოგონას. ბურგოსელებმა, ქართველმა დედებმა მარეხმა და მერიმ პირველივე დღესვე ინახულეს ახალგაზრდა და მიაწოდეს პირველადი დახმარება, შემდეგ კი ბურგოსელებმა გადავუხადეთ ბინის ქირა და ჩვენმა თანამემამულემ ფიქრია კიპაროიძემ გადაიყვანა საცხოვრებლად თავის ბინაში, სადაც ერთი თვე ცხოვრობდა, ხოლო, საქართველოს საელჩოს დახმარებით, 30 აპრილს  დაბრუნდა საქართველოში.
ფიქრიას მხრიდან ეს ნამდვილი გმირობა იყო, იმ მდგომარეობის ფონზე, როცა სახლის კარების გაღება საკუთარი დედმამიშვილისთვისაც კი  საშიში იყო. მადლობა მას კარგი ადამიანობისთვის და სიკეთისთვის. ბურგოსელი ქართველების თანადგომა თვალსაჩინო იყო და, ვფიქრობ, ამას აუცილებლად კარგი შეფასება მიეცემა.
მხარდაჭერის აქციით, ბურგოსელებმა ჩავრიცხეთ თანხა კრიზისის ჯგუფში, რომელსაც ჩვენი საყვარელი მამა ლუკა ხელმძღვანელობდა ბარსელონაში.
– გამოქვეყნდა თქვენი წერილი, რომელშიც აღწერეთ, რაც ემიგრანტებს კორონავირუსით შექმნილ რეალობაში გადახდათ თავს… საელჩოს და მოძღვრების  თანადგომით ბევრი კარგი საქმე გაკეთდა.  საქართველო გაცოცხლდაო, წერდით…
–  „სიკეთის კაცი და სათვისტომო კორონავირუსთან ბრძოლაში” – ასე ერქვა ჩემს წერილს, და მე თქვენი საშუალებით, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, საოცარი ზღაპრული ამბის მონაწილე გავხდით ყველა ჩვენგანი. საქართველო გაცოცხლდა… ის ზღაპარი გადაიქცა რეალობად, რომელსაც სიყვარული და სიკეთე მართავს. აქ, უცხო მიწაზე, გაბნეული კეთილი სული შეიკრა და ერთ, სიკეთის და სულგრძელობის იდეად მოგვევლინა.
ჩვენმა „სიკეთის კაცმა“, ბატონმა ილია გიორგაძემ სწორად შეარჩია ამ ერთობის სახელი – „ძალა ერთობაშია“. ნამდვილად იყო ნება, იყო ძალა, იყო ერთობა და უამრავი კეთილი საქმე.
ბატონმა ილიამ კარანტინის გამოცხადების პირველივე დღეს დამირეკა და შეგვკრიბა ენერგიული ჯგუფი. სასწაული ადამიანია ილია გიორგაძე, ის  კარგი ქართველი, კეთილი და წესიერი კაცია. მისი კოორდინაციით გაკეთდა ბევრი კარგი საქმე. ჩვენი მოძღვრები იყვნენ  სიკეთის ჯგუფის სულისჩამდგმელები. მამა ლუკას ხელმძღვანელობით დაარსებულმა კრიზისის ჯგუფმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ კეთილ საქმეში. 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა კონსულტაცია ჩვენს ჯგუფში, რომელსაც მამა ლუკა ბარსელონაში და საელჩო – საკონსულო მადრიდში ხელმძღვანელობდა.
ორი რეგიონი – კატალონია და მადრიდის კომუნიდადი იყო კრიზისის ეპიცენტრი. ჩვენი დიპლომატების ადამიანურმა სიკეთემ, მადრიდში და ასევე ესპანეთის სხვა მხარეებშიც, უამრავი ადამიანი იხსნა განსაცდელისგან.
გვყავს ერთი ძალიან კარგი ახალგაზრდა თემო ბასილაია, რომელიც ხაზზე იყო ყოველთვის, გულახდილად გეტყვით, არ ვიცი, როდის იძინებდა, ზარს და მესიჯს პასუხობდა დილით 8 საათზე და ღამე 1 საათზე. ასევე ქალბატონი ქეთევანი, რომელიც თავს ტექნიკურ თანამშრომლად თვლიდა (თავისი თანამდებობის მიუხედავად), ჯგუფში იღებდა ინფორმაციას და ჩუმად და წყნარად მიდიოდა დავალების შესასრულებლად, საკვების მიტანა შეჭირვებული ოჯახებისთვის, წამლების ყიდვა-მოიძიება, ჰიგიენის ნივთების შეძენა, უამრავი ბიუროკრატია საგანგებო მდგომარეობის გამო…. და ასეთი უამრავი ვალდებულება ჰქონდათ ჩვენს დიპლომატებს.
ჩემი თანამემამულეების სახელით, მინდა ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ქართველ ბაგრატიონებს, მათი ძალისხმევით დაბინავდა ბევრი ოჯახი, უამრავი სტუდენტი და ადამიანი, რომლებიც დაუცველნი აღმოჩნდნენ კორონავირუსის კრიზისის დროს. მადლობა ჯგუფის ყველა წევრს გაწეული შრომისთვის, მამა პიროსს მადრიდში, მამა სერაფიონს ვიტორიაში, მამა ლუკას ბარსელონაში, მანანას ვალენსიაში, ქეთის გვადალახარაში, ირაკლი გიგაურს, ირმას, თეა ქურხულს, შალვას, (ყველას გვარი არ ვიცი, ბოდიში) ჩვენს საუკეთესო და უერთგულეს ზურას, რომელიც დღესაც დაუღალავად გვაწოდებს ინფორმაციას. ასევე მინდა აღვნიშნო ქალაქ არნედოს მხარდაჭერა,  მადლობა გადავუხადო ქალბატონ ინგა გორგოძეს და არნედოში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს.
– ამჟამად ქალაქში  კარანტინი მოიხსნა?
– ამჟამად ვართ კარანტინი ნულის ფაზაში. ორშაბათიდან გადავდივართ პირველ ფაზაში, რაც ითვალისწინებს რიგი აკრძალვების მოხსნას. სულ იქნება 4 ფაზა, რაც გათვალისწინებულია ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის პროცესისთვის. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კვლევა, რის საფუძველზეც დადასტურდა, რომ ესპანეთის მოსახლეობის 80 პროცენტმა სამაგალითოდ დაიცვა კარანტინი.
ჩვენ ყოველ საღამოს, 8 საათზე, ტაშით ვამხნევებთ ექიმებს, ნამდვილ გმირებს, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად შეძლეს სანიტარულ კრიზისთან გამკლავება. ესპანეთის მთვრობამ გამოიტანა დახმარების პროგრამა და სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანები მიიღებენ დახმარებას. ასევე იქნება უპროცენტო სესხები, რომლებიც გაიცემა კერძო სექტორისთვის და რომლის თავდებად დგას თავად სახელმწიფო, არის სხვადასხვა ტიპის ერთჯერადი სუბვენციები და დახმარების პაკეტები.
მჯერა, რომ ესპანეთში ძალიან მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ხართ. ილიას  უნივერსიტეტში და ფილიპე გოგიჩაიშვილის ეკონომიკურ ინსტიტუტში პროფესორად მუშაობდით. მერე დატოვეთ ქვეყანა…

ოჯახი

–  ყოველთვის ვამბობ – „მომენტი მორი“, რაც მახსენებს, რომ, წარმატებების თუ ცხოვრებისეული დაღმართების მიუხედავად, ჩვენ – ყველანი კაცნი ვართ, როგორც ძველი რომაელები ამბობდნენ: Respice post te. Hominem te memento – „იზრუნე და გახსოვდეს, რომ კაცი ხარ“. ჩემი ქვეყანა არის ჩემი momento mori, ჩემი ხალხი და ჩემი ოჯახი. ეს ის მორალია, რომელსაც ყველაზე ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ. შემიძლია გავიხსენო და მე ეს სითბოთი მავსებს – ჩემი სტუდენტების სიყვარული და პატივისცემა, მეუბნებოდნენ. თქვენი ლექცია ასე სწრაფად რატომ მთავრდებაო;  ჩემი კოლეგების პატივისცემა და არაჩვეულებრივი ურთიერთობა.
მქონდა პატივი, ვყოფილიყავი ბატონი მერაბ ვაჩნაძის და ვახტანგ გურულის ასპირანტი, მქონდა პრივილეგია, მომესმინა ჟორა მჭედლიძის, ლევუშა სვანაძეს, გურამ შარაძის და სხვა პროფესორთა ლექციები, პირველი პირით მესაუბრა მათთან და გამეზიარებინა აზრი. ორიგინალში გამეცნო საქართველოს ღვაწლმოსილი ადამიანების ნაშრომები, მემუშავა საისტორიო არქივში საბჭოთა კავშირის დროს აკრძალულ დოკუმენტებთან.
ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩემი მეუღლე ამბობს, რომ შეპყრობილი ვყავარ დაავადებას, სახელად „პატრიოტიზმს“. ყველამ იცის, საქართველო ჩემი შვილების ტოლფასი სიყვარულია, ისეთივე სათუთი და წმინდა ჩემთვის, როგორც უფალი.
– ბავშვობა და მშობლები… სკოლის პერიოდი…
– საინტერესო კითხვაა…..ჩემი ბავშვობა ერთი ჩვეულებრივი საბჭოთა კავშირის ბავშვის მოგონებაა….მასწავლიდნენ ყველაფერს, ცეკვას, მუსიკას, დავდიოდი ათას წრეზე და ვიდექი სცენაზე ამაღელვებელი ლექსებით . წლების შემდეგ, როცა მე თავად გავხდი დედა, მივხვდი, რა პრივილეგიები გვქონდა ჩვენს თაობას.
ჩემი ესპანელი მეგობრები ხშირად აღნიშნავენ, პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ჩამოსული ემიგრაცია ინტელექტუალური ემიგრაციიაო.
ერთხელ ერთი ესპანელი მეუბნება, მხოლოდ იმიტომ უნდა ვიმოგზაურო საქართველოში, რომ ვნახო, შენ რომელმა ქვეყანამ გამოგიშვა ემიგრაციაშიო. და ეს მხოლოდ ჩემი შემთხვევა არაა. აქ უამრავი პედაგოგი, მეცნიერი, ინჟინერი, არქიტექტორი, რეჟისორი და სხვა ბევრი ძალიან კარგი პროფესიონალი ცხოვრობს.
ჩემი მშობლები….მამა – თეიმურაზ კუბლაშვილი, იყო უნიჭიერესი ინჟინერი-გამომგონებელი, ეხლა ესპანეთის მოქალაქე და პენსიონერია, დედა – ნანი გერსამია, ქიმიკოს-ინჟინერი, უაღრესად ერუდირებული და ნიჭიერი ქალბატონი, სწორედ ის იყო ჩვენი განათლების გზამკვლევი. ამ ორი უკეთეილშობილესი ადამიანის დამსახურებაა ჩემი პიროვნული და ფორმაციული ღირსებები.
– რა შეგძინათ უცხო ქვეყანაში ყოფნამ? რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?
– უცხო ქვეყანაში ცხოვრებამ ნამდვილად შეცვალა ჩემი, როგორც ერთი ადამიანის მსოფლმხედველობა….მაგრამ არა პრინციპები. ვარ ეკოლოგისტი, ვცდილობ, დავიცვა ჩემი ერთადერთი პლანეტა ჩემი შვილების კეთილდღეობისთვის, რადგან არ არსებობს მეორე არჩევანი. მივესალმები, თუ საქართველოშიც იქნება ეკოლოგიური თვითშეგნება ევროპის დონეზე, მინდა ჩემს ქვეყანაშიც ვიხილო პოლიტიკური დემოკრატია, არჩევანის სრული თავისუფლება,
მინდა, ევროპის მსგავსად, ყველა ახალგაზრდა ცხოვრობდეს საგანმანათლებლო გარანტიით, ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, ფორმაციული საუნივერსიტეტო განათლების შემდეგ იპოვოს საკუთარი ადგილი, ყველა ადამიანმა შეძლოს თვითრეალიზაცია, მინდა ვნახო აზროვნების აკადემია და კულტურა, მინდა ყველა ბავშვს ჰქონდეს ბედნიერი ბავშვობა. სახელმწიფო არსებობს, როდესაც არსებობს უფლება დაცული მოქალაქე და გაფრთხილებული სიცოცხლე.
რა მოხდება, ყველამ რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ? სპორტსმენი სპორტში და არა -პოლიტიკაში, მომღერალი სცენაზე და არა – დიპლომატიაში, ლექტორი ლექციაზე და არა ბიზნესში, ბიზნესმენები კი კერძო სექტორში და ასე…
მე ვარ ბედნიერი დედა და მეუღლე, ჩემს ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი ერთის გარდა  – საშუალება მომცენ, ვიცხოვრო ჩემს სამშობლოში.
– მეუღლე და შვილები…

შვილი – ციცი და მისი მეუღლე

– ჩემი მეუღლე თომა აბრამიძე….მე მას ადამიან მზეს ვეძახი, უაღრესად კეთილშობილი და მორალური ადამიანი. ჩემი მეფე და ღირსების სახელი. გვაქვს ოჯახური ბიზნესი, ჩემი დის მაია კუბლაშვილის და აკაკი გაბისონიას ოჯახთან ერთად. ბედს ნამდვილად არ ვუჩივით და ვცდილობთ, ვიცხოვროთ ქართველი ხალხის და საქართველოს სახელის ღირსების შესაბამისად.
გვყავს ორი ქალიშვილი – ციცი და ნინელი.
ციცი საქართველოშია, პროფესიით იურისტი, ნიჭიერი და კარგად ფორმირებული, საუბრობს ინგლისურ და რუსულ ენებზე, არის ააიპ „მეცამეტე სექტორის” და „ასმას“ სტუდენტური გაერთიანების პრეზიდენტი და EEU-ს საჯარო მმართველობის მაგისტრი, დაქორწინებულია არაჩვეულებრივ ახალგაზრდაზე – გიორგი ცაგარეიშვილზე და აქვს ლამაზი ქართული ოჯახი.
ნინელი სწავლობს ესპანეთში, კანტაბრიის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სახელმწიფო გრანტით. ეს არის გოგონა, რომელიც შრომობს დღეში 12 საათი და ხშირად მეტიც. მას აქაური ფიზიკოსი მეცნიერები ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
– ჰობი…

შვილი – ნინელი

– ჩემი ჰობია კითხვა….ბევრი კითხვა და მუსიკა. როდესაც ვუსმენ მუსიკას, მახსენდება დიდი ტოლსტოის სიტყვები – „არ ვიცი, რას მერჩის მუსიკა“.
–  სამომავლო გეგმები…
– ჩემი გეგმები არის ჩემი ოჯახი და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.  მინდა ვურჩიო და გამოცდილება გავუზიარო ახალგაზრდებს….მიიღეთ კარგი განათლება, იკითხეთ ბევრი წიგნი, რადგან ტექნოლოგია არ არის ლიტერატურის ალტერნატივა. იყავით მიმტევებელნი და კეთილნი. არ გშურდეთ სხვისი ნიჭიერების.
ჩემს შვილებს  ხშირად ვეუბნები: გიყვარდეთ ნიჭიერი ადამიანი და იმეგობრეთ სუსტთან. თქვენი სამშობლო თქვენი მომამვლის პერსპექტივაა და გაუფრთხილდით მას, დაიცავით კანონი, რადგან არ არსებობს უფრო მაღალი შეგნება სახელმწიფოსთვის ვიდრე კანონი,
გააჩერეთ წამი ბედნიერებისთვის და იყავით თავისუფალი არჩევანში. იმედი მაქვს, თქვენი თაობა მოახდენს თვითრეალიზაციას და ააშენებთ ნამდვილ ლეგიტიმურ, დემოკრატიულ ქვეყანას. თქვენი ისტორია თქვენი ფესვებია და მისი პატივისცემა ჩამოგაყალიბებთ პიროვნებებად.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები