გიგა ბოკერია: როცა რაღაცას დაჰპირდები, უნდა შეასრულო, დროზე მოეგონ გონს და უტიფარ რაღაცებს თავი დაანებონ
“მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ დროზე მოეგოს გონს, რადგან ცოტა დროა დარჩენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ კენჭისყრამდე, იქამდე უნდა შეასრულოს პირობა, რასაც ხელი მოაწერეს”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„პროგრესია, რადგან მანამდე ამბობდნენ, რომ პოლიტპატიმრებზე ლაპარაკი არ იყოო. დღეს გაირკვა, რომ ლაპარაკი იყო, მაგრამ არ დავთანხმდითო. მინდა, ნახევრად ხუმრობით მოვუწოდო „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს და ივანიშვილის გარემოცვას, თუ არც ჩვენი, არც ოპოზიციის, არც ამერიკის საელჩოს განცხადების, რომელიც ოქრუაშვილის სამარცხვინო ვერდიქტის მერე გააკეთეს, არც ევროკავშირის ელჩის, არც ევროპარლამენტარების საკვანძო ლიდერების, არც ამერიკელი სენატორების, არც საქართველოს მეგობრების ჯგუფის, თუ არავისი სჯერათ, ირმა ინაშვილს მაინც დაუჯერონ. ადამიანი გამოვიდა და თქვა, არ მოვაწერე ხელი, რადგან პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და კონკრეტულ მექანიზმებზე იყო საუბარიო. ერთხელ თქვა ამ ადამიანმა სიმართლე და მაშინაც არ უჯერებენ, ასე არ შეიძლება. ერთ სულ და ერთ ხორც არიან ინაშვილთან სხვა საკითხებში და ამაშიც უნდა დაუჯერონ.
სერიოზულად რომ გიპასუხოთ – მესმის, რომ უტიფრობა და სრული აბსურდი არის ივანიშვილის გარემოცვის სტილი. პროპორციულზეც რომ „გადაგვაგდეს“ და თქვეს, რომ ჩვენ არც დაგპირებივართ, რაღაც იდეა ვთქვითო. გავიგე, ნებისმიერი რამის მთქმელები არიან და პოლიტიკური ცხოვრებისთვის კატასტროფაა, როცა ასეთი უტიფრობა და საკუთარ თავმოყვარეობაზე ასე უარის თქმა მოსულა. რასაც თალაკვაძე, კობახიძე აკეთებენ, ეს არ გვიკვირს, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია ქვეყნის ინტერესი. მოვუწოდებთ ივანიშვილს, რომ დროზე მოეგოს გონს, რადგან ცოტა დროა კიდევ დარჩენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ კენჭისყრამდე. იქამდე უნდა შეასრულოს პირობა, რასაც ხელი მოაწერეს. თუ არ მოაწერს ხელს, მაშინ უმძიმეს დარტყმას მიიღებს. ქვეყნისთვის ეს კარგი არ იქნება, ეს მას ვერ იხსნის არჩევნებზე და ძალიან მძიმე პერსონალურ პოლიტიკურ ხვედრს უქადის მას. როცა რაღაცას დაჰპირდები, უნდა შეასრულო. დროზე მოეგონ გონს და უტიფარ რაღაცებს თავი დაანებონ. აბა, მეორე ტექსტი რაზე არის, სადაც საუბარია, პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებაზე? დღეს საოცარი ლოგიკა მოვისმინე – როგორ შეიძლება, მთავრობის ჩარევა და ეს დარღვევაა შტოებს შორის ბალანსისო. დღეს, რომ დარღვეულია, ამიტომ გახდა საჭირო შეთანხმება. პირიქით, ჩარევის განეიტრალებაზეა ლაპარაკი და არა – ჩარევაზე“, – განაცხადა ბოკერიამ.