რატომ გადაიყვანეს ჩვილი სახელმწიფო ზრუნვაში – სააგენტო რეფერალურ საავადმყოფოში მომხდართან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
ახალგაზრდა დედის განცხადებას, რომლის თანახმადაც მას თბილისის რეფერალური საავადმყოფოდან ჩვილი არ გაატანეს და ოჯახის ნებართვის გარეშე თავშესაფარში გადაიყვანეს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ეხმაურება.
როგორც სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, გამოიკვეთა მაღალი რისკები, რის გამოც ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანეს.
„ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია ახალშობილთან დაკავშირებით. დავიწყეთ შესწავლა, ეს იყო თებერვლის თვეში. შესწავლის შედეგად გამოიკვეთა მაღალი რისკები, რამაც განაპირობა ის, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება არასრულწლოვნის სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებასთან დაკავშირებით. მაღალი რისკები არ უკავშირდებოდა მხოლოდ ოჯახში არსებულ სოციალურ პირობებს, არამედ სხვა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორები გამოიკვეთა, რამაც გვაიძულა, მიგვეღო გადაწყვეტილება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მისი სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებასთან დაკავშირებით. ამის შეახებ ოჯახს განემარტა. მათ, ასევე, განემარტათ, თუ რა ღონისძიებები იქნება საჭირო ბავშვის რეინტეგრაციასთან დაკავშირებით. რეინტეგრაცია არის, როცა ბავშვი უკან ბრუნდება ოჯახში. ეს ყველაფერი ოჯახისთვის ცნობილი იყო“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ „კვირასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, დღეს რეფერალურ საავადმყოფოში დაპირისპირება იყო – დედა ამტკიცებდა, რომ ჩვილი კლინიკიდან არ გაატანეს და ჩამოართვეს.
ბავშვი ნაადრევად გაჩნდა, რის გამოც რამდენიმე თვის განმავლობაში კლინიკაში რჩებოდა. როგორც მერი მაღლაფერიძემ განმარტა, ბავშვი კლინიკიდან პარასკევს გადაიყვანეს, რის შესახებაც მის მშობლებს ინფორმაცია ჰქონდათ.
თამუნა შეყილაძე