ქართული ღვინისთვის ჩინეთის ბაზრის ახალ შესაძლებლობებზე ონლაინდიალოგის ფორმატში იმსჯელეს

აბრეშუმის გზის პროექტ “ერთი გზა ერთი სარტყელის” ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას მონაწილეობით, ჩინეთის ქალაქ პენგლაისთან ონლაინდიალოგი გაიმართა, რომელიც ჩინეთის ღვინის ბაზრის ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, ღვინის პოპულარიზაციის ახალ გზებსა და ქართული ღვინის მარკეტინგის სამომავლო სტრატეგიას დაეთმო.

როგორც “კვირას” ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ონლაინდიალოგში, ასევე, მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში – არჩილ კალანდია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის საპრომოციო ცენტრის დირექტორი – ადამ ჰუანგი, პენგლაის ვაზისა და ღვინის ინდუსტრიის განვითარების ცენტრის დირექტორი – ძიან ფუმანი და ჩინეთის ალკოჰოლური სასმელებისა ასოციაციის გენერალური მდივნის მოადგილე – ვან ცუმინი.

ონლაინდიალოგი გადაცემაში Yanjiu Night Talks გაიმართა (მედია კომპანია Beijing Yunjiu Media) და მას 70 ათასზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს. ღვინის ეროვნულმა სააგენტოს თავმჯდომარემ ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის პრეზენტაცია წარმოადგინა, ისაუბრა ქართული ღვინის წარმატებებზე, მეღვინეობის თანამედროვე ინდუსტრიაში არსებულ ვითარებასა და პერსპექტივებზე. ლევან მეხუზლამ ისაუბრა ქართული ღვინისთვის ჩინეთის ბაზრის მნიშვნელობაზე, რომელმაც ბოლო წლებში მყარად დაიმკვიდრა ადგილი ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში.

გადაცემის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პანდემიის ფონზე ბევრმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა ჩინეთში მარკეტინგული აქტიობები. თუმცა ადგილობრივმა ორგანიზაციებმა დაინახეს ახალი შესაძლებლობები, დაიწყეს ახალი გზებისა და მოდელების ძიება, მათი გაცნობა უცხოელი პარტნიორებისათვის, რაშიც ქართული მხარის ჩართულობა და ინტერესი დიდია.

დიალოგის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთის ღვინის ბაზარი გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება და პანდემიის შემდეგ ბევრ სიახლეს შესთავაზებს მსოფლიოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები